როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება მემკვიდრეობის საფუძველზე

მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლას სხვა პირზე/პირებზე (მემკვიდრეებზე).

არსებობს მემკვიდრეობის ორი სახე: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა.

კანონით მემკვიდრეობა მაშინ გამოიყენება, როდესაც მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია, თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდრო ქონების ნაწილს, ან იმ შემთხვევაში თუ მამკვიდრებლის მიერ ანდერძი დატოვებული იყო, მაგრამ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმდა (ბათილად იქნა ცნობილი).

იმისათვის, რომ მემკვიდრეობის საფუძველზე კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშვას, აუცილებელია, ნოტარიუსის მიერ გაიცეს სამკვიდრო მოწმობა, რომელიც

შეიძლება იყოს გაცემული ან კონკრეტულ ქონებაზე/ქონებებზე ან/და ე.წ ზოგადი ხასიათის.

სწორედ, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ხდება საჯარო რეესტრში (ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაიცემა როგორც კანონით მემკვიდრეზე, ასევე ანდერძის არსებობის შემთხვევაში) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მემკვიდრეს (ახალ მესაკუთრეს), თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) მის საკუთრებაში მემკვიდრეობის საფუძველზე გადასული ქონება.

მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა/მემკვიდრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.

კერძოდ, განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ); მემკვიდრის/დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სათანადო წესით დამოწმებული და გაცემული სამკვიდრო მოწმობა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი.

იმ შემთხვევაში თუ სამკვიდრო მოწმობა ზოგადი ხასიათისაა, მემკვიდრემ/დაინტერესებულმა პირმა იმ უფლების დამდგენი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი უნდა წარადგინოს, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებელს საკუთრების/სარგებლობის უფლება ჰქონდა.

თუ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა/ნაგებობით ან მის გარეშე და საჯარო რეესტრში დაზუსტებული არ არის მისი საკადასტრო მონაცემები, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვას ახორციელებენ შესაბამის რეგიონში მოქმედი საამზომველო კომპანიები).

რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დაინტერესებულ პირს/მემკვიდრეს რეგისტრაციის განხორციელება არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით სურს, დამატებით საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა: სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის არის აუცილებელი.

წყარო: myadvokat.ge