რა ვალდებულებები დაეკისრებათ დეველოპერებს მშენებლობის ნებართვის მისაღებად

მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო ხდება , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან.

"იცით, რომ ვახორციელებთ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელიც უნდა გამყარდეს შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებებით. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ რამდენიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლითაც არსებითად იცვლება მიდგომა ქალაქგეგმარებითი პროცესის მიმართ.

ამ ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო ხდება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების მონაწილეობა მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში. პირველივე დღიდან ეს სამსახურები უნდა იყოს ჩართული, რომ ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ ტრანსპორტის თვალსაზრისით შემდეგ იქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო მებართვები გაცემული.

ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადება და შეათანხმოს მერიასთან. ასევე მშენებელს ვალდებულება ექნება, რომ სამშენებლო სამუშაოების შესახებ, დენდროლოგიური პროექტის დაფაც გამოაქვეყნოს, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა პროექტის შესახებ. ეს ეხება არამხოლოდ კერძო სექტორს, არამედ მერიასაც. არსებული პარკები და სკვერები არ არის საკმარისი და ყველა მშნებლობის დროს ყურადღება დაეთმობა მიმდებარე ტერიტორიის მოწერიგებას და გამწვანებას", - განაცხადა კალაძემ.