სახელმწიფო საგარეო ვალი 784,7 მილიონი დოლარით გაიზარდა

2018 წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 784 758 000 დოლარით გაიზარდა.

2017 წლის იანვარში სახელმწიფოს საგარეო ვალი 4 548 188 000 დოლარი იყო, წელს კი ვალის მოცულობამ 5 332 941 000 დოლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 4 542 480 000 დოლარიდან 5 245 513 000 დოლარამდე გაიზარდა მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი 5 707 000 დოლარიდან 87 427 000 დოლარამდე.

რაც შეეხება მხოლოდ 2018 წლის იანვარს, ერთ თვეში საქართველოს სახელმწიფო ვალი 155 551 000 დოლარით გაიზარდა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკით, იანვარში შემოსული თანხის მოცულობამ 77.3 მილიონს გადააჭარბა. ძირითადი თანხის დაფარვისთვის 22.1 მლნ დოლარი გადაირიცხა, საპროცენტო ხარჯი 9.68 მლნ დოლარი იყო.

შიდა ვალის ჩათვლით და ე.წ ისტორიული ვალის გამოკლებით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 16.119 მლრდ ლარია.