მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე: "ხეების დარგვის შემდგომ, მათი მოვლა უფრო მნიშვნელოვანია"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „შერჩეული და დამტკიცებულია 50 ჯიშის ხე, რომლებითაც თბილისი უნდა გამწვანდეს“. „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი გამწვანების საკითხზე თბილისის მერის ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა, დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები და კითხვებიც აქვს.

კერძოდ, როსტომაშვილი მთავარ პრობლემას განაშენიანების შემდეგ ხეების მოვლა-პატრონობაში ხედავს.

,,მივესალმები ნებისმიერ მსგავს აქტივობას, რომელიც გამწვანებასა და ეკოლოგიას ეხება. უბრალოდ, არსებობს გარკვეული კითხვები თუ როგორ შეიძლება შემდეგ მათი მოვლა. დავრგეთ, გავაშენეთ, მერე ვინ უვლის? ეს საკითხი ძალიან აქტუალური და გაურკვეველია. კარგი იქნება დენდროლოგების რეკომენდაციებსაც თუ გაითვალისწინებენ. გამწვანება ხის დარგვის შემდეგ იწყება - მორწყვა, მოვლა, შეწამვლა და ა.შ. ერთ-ერთი სერიოზული საკითხია ხეების მორწყვაც, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს“, - აცხადებს როსტომაშვილი.

ასოციაციის თავმჯდომარე დედაქალაქის მერიასა და საკრებულოში ამ მიმართულების სპეციალისტების სიმცირეზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავრობაში კვალიფიციური კადრები არ არიან, ვინც თბილისის გამწვანების საქმეზე იმუშავებს. მისივე თქმით, დარგული ხეებისათვის სათანადოდ რომ მოევლოთ, 2002 წლიდან დღემდე თბილისში დაახლოებით 60 ჰექტარი ტერიტორია უნდა გამწვანებულიყო.

„დღეს თბილისში დაახლოებით 4 ვაკის პარკის ფართობის ტერიტორია უნდა გვქონდეს გამწვანებული, რომ მოევლოთ და მარტო ჯოხი არ ჩაერჭოთ. მოვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დარგვა. მოვლა, ტარიფი, რომელი წყლით, ვინ აკეთებს, ეს არის სამსჯელო და ამაში უნდა იყვნენ საკრებულოში პროფესიონალები. ვინცაა დღეს, მათ არ იციან. როგორ შეიძლება ვისაუბროთ გამწვანებაზე, ტრანსპორტზე, ურბანულ საკითხებზე, როცა „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს არ მქონოდა შეხვედრა მათთან? - შესაბამისად, მოვლის საკითხი გაურკვეველია. ვიცი, რომ სადარბაზოებში ლიფტის ფულს ვერ აგროვებენ, მორწყვის ფულს გადაიხდის ვინმე? - ეს იქნება ტყუილი სადღეგრძელო თბილისისთვის, თუ ის საკითხები არ გადაწყდა, რაზეც მე ვისაუბრე“, -აცხადებს როსტომაშვილი.

გარდა ამისა, ის დედაქალაქის მერის კიდევ ერთ რეკომენდაციასაც ეხმაურება, რომლითაც მშენებლობის ნებართვისთვის ტრანსპორტის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნაც სავალდებულო იქნება.

როოგორც როსტომაშვილი აღნიშნავს, პიკის საათებში ქალაქში მძიმე ტექნიკის მუშაობა გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რისი მოგვარებაც საჭიროა.

„როცა თბილისის მთავარი არქიტექტორი ვიყავი, ნაკადები თბილისის ავტოინსპექციაში უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ. ჩვენ რითაც ვხელმძღვანელობდით და რაზეც დღეს მერი საუბრობს, ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო ადრეც. უბრალოდ, 2000 წლის შემდეგ ეს საკითხები ამოაგდეს. პირველ რიგში, უნდა შეთანხმდეს მშენებლობის პერიოდში მძიმე ტექნიკის მოძრაობა“,- განაცხადა სპეციალისტმა.