ევროპის მოედანზე მდებარე ამფითეატრს - ე.წ. რიყის დოქებს პროფილი არ შეეცვლება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ე.წ. რიყის დოქებში შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ან თეატრი განთავსდეს.
„ის, ახლა რა მდგომარეობაშიცაა, აშკარად არ გვინდა ამ მდგომარეობაში დარჩეს. შენობა არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ფუნქცია უნდა მოეძებნოს. თუ როგორ, რანაირად, რა მიმართულებით, უახლოეს მომავალში გაცნობებთ. შეიძლება თეატრი იყოს, შეიძლება თანამედროვე ხელოვნების ცენტრი“, - განაცხადა კალაძემ.
„დოქების“ მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე შავი კარკასის მდგომარეობაშია. მიუხედავად ამისა, რიყის პარკში მშენებარე მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრის შენობა 2016 წლის მსოფლიოს ათ საუკეთესო კულტურულ ცენტრს შორის მოხვდა. ნაგებობა იტალიელი არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასის მიერაა დაპროექტებული და მისი მშენებლობა ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.