"ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება"

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირინა ფრუიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ფრუიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, გერმანიაში, კრიმინალის გაზრდილი ფაქტები არსებობს, ასევე გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც, თუმცა "კრიტიკული ნიშნები არ არის, რომელმაც შეიძლება თავისუფალი სავიზო რეჟიმი საფრთხის წინაშე დააყენოს".

"საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს როგორც გერმანიის მთავრობასთან, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან. რეადმისიის ხელშეკრულებას ძალიან კარგად ვასრულებთ. ეს თანამშრომლობა გასაგრძელებელია. გერმანიის მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია უნდა იყოს, რადგან პრობლემები, რომელიც ბოლო პერიოდში წამოიჭრა, მოგვარდეს", - განაცხადა ფრუიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით მიღებული მონაპოვარი შეინარჩუნოს.

"საკითხის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებასაც მნიშვნელობა აქვს. სასურველია, უვიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტები ნაკლები იყოს იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი კითხვები არ წარმოიშვას. ქართველები გარკვეულ შემთხვევებში ფიგურირებენ და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მცირედ გაზრდილია, თუმცა შარშანდელთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი არ ყოფილა. ჩვენ ყველა ამ ფაქტს ყურადღებას ვაქცევთ. საქართველო შესულია უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში და საქართველოს მთავრობა რეადმისიის ხელშეკრულების პირობებს ძალიან კარგად ასრულებს. ქვეყნის იმიჯისთვის სასიამოვნო არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებთან გარკვეული კრიმინალური ფაქტები ასოცირდება. იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები არ გვექნება. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს შესაძლებლობაა თითოეული მოქალაქისთვის, რომ ევროპას გაეცნოს. ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს ირინა ფრუიძემ.

როგორც ცნობილია, გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR იუწყება.

რეგიონის მთავრობა აღნიშნულის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.

WDR-ის განმარტებით, საქართველოდან ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში ჩადის სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გერმანიაში დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ.

„პოლიციის ინფორმაციით, ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა“, - იუწყება ტელერადიოკომპანია.