ერთ-ერთი მუშის ინფორმაციით, მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი მამაკაცი 26 წლის იყო

ნინო ჟვანიას # 10-ში მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა, 26 წლის იყო.

მისივე განმარტებით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია.

„ჩვენი მუშა იყო. მშენებლობაზე შიდა სამუშაოებს ასრულებდა. აივანზე გავიდა და იქედან გადავარდა. ზოგადად, უსაფრთხოების ზომები დაცულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა ცოტა ხნის წინ გადმოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.