რისი ყიდვა შეუძლია ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ქონებით -  Bloomberg-ი ბიზნესმენის შესახებ

„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში დაიწყო რკინის მადნის წარმოებაში, ფოლადის ქარხნებში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ინვესტირებით. თავისი აქტივების უმეტესობა მან 2003-2006 წლებში, დანარჩენი კი 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევამდე გაყიდა. ერთი წლის შემდეგ ის გადადგა“, - წერს Bloomberg-ი.

2018 წლის 9 თებერვლისთვის მას 25 მილიონი დოლარი აქვს დაკარგული.

როგორც გამოცემა წერს, 5.77 მილიარდი დოლარით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.39 მილიონი უნცია ოქრო და 89.8 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.031%-ს, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.11%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 91%-ს, 97 732-ჯერ აღემატება შეერთებული შტატების ოჯახის საშუალო შემოსავალს, შეერთებულ შტატებში გაყიდული სახლების 0.359%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შეწირულობის 1.46%-ს.

ივანიშვილის ქონება მომდინარეობს ნავაჭრიდან, რომელსაც ის აგროვებდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრივატიზებული აქტივების გაყიდვიდან. მათ შორისაა სტოილენსკისა და მიხაილოვსკის სამთო გამამდიდრებელი კომბინატები და ორლოვსკის ფოლადის ქარხანა.

1990-იანებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ივანიშვილმა რამდენიმე დახურული ტიპის ბიზნესი დაიწყო, მათ შორისაა ბანკები „რუსული კრედიტი“ (Российский кредит) და იმპექსი, მარცვლეულის გადამამუშავებელი „სტოილენსკაია ნივა“ და სააფთიაქო ქსელი „დოქტორი სტოლეტოვი“.

ეს დეტალები მან რუსულ მედიას, „ვედომოსტისა“ და „კომერსანტს“ განუცხადა, რომლებიც სრული კაპიტალის გამოთვლის საქმეში ძირითად როლს ასრულებენ.

საკუთრების წილი ამ აქტივებში არასდროს არ გასაჯაროებულა. ანალიზის მიხედვით, მილიარდერი ყველა მათგანის ერთადერთი მფლობელია, გარდა იმპექს ბანკისა, სადაც ადგილობრივი მედიის ცნობით, მის პარტნიორს ვიტალი მალკინს 33% წილი აქვს.

ივანიშვილი თანამდებობიდან გადადგა 2013 წლის ნოემბერში, ერთწლიანი სამსახურის შემდეგ. 2013 წლის აგვისტოში Bloomberg News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისმა ინვესტიციებმა ცუდი შედეგი აჩვენა და მას პირადი დანახარჯები გაეზარდა.

საინვესტიციო სტრატეგიაზე ივანიშვილის კომენტარების მიხედვით, მისი შემოსავალი შეიცავს ჩვეულებრივი აქციების 27%-ს, ფიქსირებული შემოსავლის 36%-ს, 20% შედგება ნაღდი ფულისგან, 12% ალტერნატიული ინვესტიციებისგან და 5% საქონლისგან.

წყაროს თქმით, მისი ხელოვნების ნიმუშების კერძო კოლექცია 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გამოცემა Bloomberg-ი ბიძინა ივანიშვილის მოკლე ბიოგრაფიასაც სთავაზობს მკითხველს.

ბიძინა ივანიშვილი დაიბადა ჭორვილაში 1956 წელს. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა 1980 წელს და მიიღო ხარისხი ინჟინერიასა და ეკონომიკაში. 1986 წელს ივანიშვილი მოსკოვში წავიდა და მიიღო კანდიდატის ხარისხი შრომის სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტისგან. შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა, სადაც მუშაობა დაიწყო საქართველოს შრომის ინსტიტუტში.

ივანიშვილი მოსკოვში 1980-იანი წლების ბოლოს გადასახლდა და 1990 წელს დააარსა ბანკი „რუსული კრედიტი“. რუსეთის რამდენიმე სახელმწიფო აქტივებში წილები დააგროვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მათ შორისაა რკინის მადნის მწარმოებელი სტოილენსკისა და მიხაილოვსკის სამთო გამამდიდრებელი კომბინატები და ორლოვსკის ფოლადის ქარხანა. შემდეგი წლები აქტივების შეძენას მოანდომა. 2000-იანი წლების დასაწყისში დააარსა იმპექს ბანკი, რუსეთში სიდიდით მესამე მარცვლის გადამამუშავებელი ქარხანა „სტოილენსკაია ნივა“ და სააფთიაქო ქსელი „დოქტორი სტოლეტოვი“. მან მოსკოვში საკუთრების განვითარებასა და უძრავ ქონებაშიც განახორციელა ინვესტიციები.

ივანიშვილმა რუსული აქტივების გაყიდვა დაიწყო 2003 წელს. პირველად მან ორლოვსკის ფოლადის ქარხნის წილი მიჰყიდა სევერსტალს, რუსულ ფოლადის მწარმოებელს, 39.4 მილიონ დოლარად. შემდეგ სტოილენსკის ქარხანა მიჰყიდა ნოვოლოპეცკის მეტალურგიული ქარხნის მფლობელს, მილიარდერ ვლადიმერ ლისინს 510 მილიონ დოლარად. მიხაილოვსკის ქარხნის საკონტროლო პაკეტი 1.7 მილიარდ დოლარად მიჰყიდა რუსეთში სიდიდით მეორე რკინის მადნის მწარმოებელს, მილიარდერ ალიშერ უსმანოვს.

საქართველოში 2005 წელს დაბრუნდა და თავიდან ახლადარჩეულ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერდა. მალე სააკაშვილის პოლიტიკას მტრულად მოეკიდა და 2011 წელს საკუთარი პარტია, „ქართული ოცნება“ დააარსა. თანამდებობაზე კენჭისყრამდე დარჩენილი რუსული აქტივებიც გაყიდა, რამაც 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2012 წელს მისმა კოალიციამ არჩევნებში 55%-ით გაიმარჯვა და ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. 2013 წლის ნოემბერში, თანამდებობაზე ერთწლიანი სამსახურის შემდეგ ის გადადგა. ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს.