2018 წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 784 758 000 დოლარით გაიზარდა, 2018 წლის იანვარში კი ზრდამ 155 551 000 დოლარი შეადგინა.
როგორც ფინანსთა სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, 2017-2018 წლებში მიღებული საგარეო დაფინანსება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების მხარდასაჭერად არის მიმართული.
„2018 წლის იანვრის ბოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობის ზრდა განპირობებულია ამ პერიოდის განმავლობაში შემდეგი თანხების ჩამორიცხვით:
• საინვესტიციო პროექტების (მაგ: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი) ფარგლებში 403.58 აშშ მლნ დოლარი;
• საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში 120.86 მლნ აშშ დოლარი;
• ეროვნული ბანკისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 83.62 მლნ აშშ დოლარი.
სულ, დაახლოებით, 608 მლნ აშშ დოლარი. (გასათვალისწინებელია, რომ სესხების აღება ხდება სხვადასხვა ვალუტაში).
აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, დაიფარა საგარეო ვალის ნაწილი 170.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, მოცულობის ზრდამ შეადგინა, დაახლოებით, 438 მლნ აშშ დოლარი“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის და რჩება სტაბილურ დონეზე, 45%-ის ირგვლივ და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 60%-ს. „შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებასთან ერთად, საგარეო ვალის მოცულობა შემცირდება 40 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე“, - აცხადებენ სამინისტროში.