ჩრდილოეთ კორეამ მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩაატარა, რომლის დროსაც, ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები (რომლებიც შარშან გამოსცადა) და მცირე სიშორის რაკეტები წარმოადგინა.
აღლუმი ქვეყნის არმიის შექმნიდან 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. რა თქმა უნდა, მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დაესწრო.
საერთოდ, ჩრდილოეთ კორეა თავისი არმიის შექმნის იუბილესთვის მიძღვნილ აღლუმებს აპრილში ატარებს, მაგრამ ამჯერად ის პიონჩანის (სამხრეთ კორეა) ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას დაამთხვია. პიონჩანი და მისი ოლიმპიური ობიექტები, ჩრდილოეთ კორეასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
აღლუმის სატელევიზიო ტრანსლაციის კადრების მიხედვით, მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ აღლუმზე წარმოდგენილი იყო რაკეტები „ჰვასონ-14“ და „ჰვასონ-15“, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეა შარშან უტარებდა გამოცდებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ჰვასონ-15-ს“ აშშ-ის მატერიკულ ნაწილამდევ მიღწევის უნარიც კი აქვს.
რაც შეეხება მცირე სიშორის რაკეტას, რომელიც რუსული „ისკანდერის“ ბაზაზეა შექმნილი, ისიც პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე. ამჯერად აღლუმზე ჩვეულებრივ შეიარაღებაზე მეტად, სარაკეტო არსენალი იყო აქცენტირებული.
ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ამით პხენიანს სურს, მსოფლიო საზოგადოებას ეჩვენოს, როგორც სერიოზული სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანა. როიტერსის ანალიტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის სათავეში კიმ ჩენ ინის მოსვლის შემდეგ, ჩრდლოეთ კორეა აღლუმებზე სულ უფრო ნაკლებად აჩვენებს ჩვეულებრივ შეიარაღებას და აქცენტს რთულ ტექნოლოგიებზე აკეთებს, როგორებიცაა რაკეტები.