ევროკავშირი რუსი და უკრაინელი ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს

ევროკავშირმა და კანადამ იმ რუსი და უკრაინელი ჩინოვნიკების სია გაზარდეს, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული.

"როიტერის" ინფორმაციით, ევროკავშირის გაფართოებულ სიაში მოხვდნენ 13 რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსანი, ორი ყირიმული კომპანია. ამასთან, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ყირიმის პროკურორს ნატალია პოკლონსკაიას, სლავიანსკის თვითგამოცხადებულ მერს ვიაჩესლავ პონომორიოვს, უკრაინის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ოლეგ ცარევს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს და სხვა მაღალჩინოსნებს.

ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში საერთო ჯამში უკვე 61 რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსანია.

უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო, რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა კანადამაც. კანადის პრემიერ-მინისტრ სტივენ ჰარპერის განცხადებით, კანადამ სანქციები დაუწესა 12 რუს და დონბასელ მაღალჩინოსანს. ამასთან, კანადის სანქციები ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვასა და კანადის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.