არქიტექტორებს, რომლებიც ხელს აწერენ ნებართვის მისაღებად მომზადებულ სამშენებლო პროექტს,სერტიფიკატის ქონა მოეთხოვებათ.
სერტიფიკატთან დაკავშირებული საკითხი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტით შემოდის. კერძოდ, საუბარია მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ “სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ პროექტზე, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბრეში წარედგინა. პროექტი გადამუშავდა. გადამუშავების პროცესში შეიცვალა მისი სახელწოდებაც და დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, პირველი მოსმენით, “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ სახელით წარედგინა.
“კოდექსი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ერთი ეს არის სივრცითი ნაწილი, თუ როგორ უნდა მოხდეს სივრცის მოწყობის გეგმების შედგენა, ხოლო მეორე არის სამშენებლო ნაწილი. ორივე ნაწილი გარკვეულ სიახლეებს ადგენს. სივრცითი მოწყობის ნაწილში კოდექსი ადგენს გარკვეულ იერარქიას. სავალდებული იქნება ქვეყნის სივრცის დაგეგმარება, დაგეგმარების გეგმის შედგენა. იქმნება საშუალება, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტმა ერთად, კლასტერების მიხედვით, დაამუშაოს გეგმები. გაწერილია ადმინისტრაციული პროცედურები და ის, რომ ეს ყველაფერი უნდა გახდეს გამჭვირვალე. ძალიან მნიშვნელოვანია k2-კოეფიციენტთან დაკავშირებული საკითხი. ძალიან ხშირად არის საუბარი იმის შესახებ, რომ სამშენებლო ნებართვა ორსართულიან სახლზე გაიცემა და შემდეგ რვა სართულის დამატება ხდება. წესდება გარკვეული რეგულაციები. უქმდება კოეფიციენტების გაყიდვის შესაძლებლობა და წესდება კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება: ეს უნდა იყოს აუცილებელი კონკრეტული ადგილის განვითარებისათვის, ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საკომპენსაციო ღონისძიების გატარებით და აგრეთვე, შეიძლება განხორციელდეს მაშინ, როცა არ უპირისპირდება საზოგადოებრივი ინტერესი. ყველა ეს კრიტერიუმი ერთდროულად უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს k2-კოეფიციენტის გაცემა“, - განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ.
რაც შეეხება არქიტექტორთა სავალდებულო სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხს, ქავთარაძის ინფორმაციით, სერტიფიკატი, რომელიც კვალიფიკაციას დაადასტურებს, უნდა ჰქონდეს მას, ვინც მუნიციპალიტეტში არქიტექტურულ პროექტს განიხილავს, აგრეთვე არქიტექტორს, რომელიც ხელს აწერს ნებართვის მისაღებად წარდგენილ პროექტს.
“ეს ყველაფერი გაწერილი იქნება კანონქვემდებარე აქტებში და არა უშუალოდ კოდექსში. კოდექსი მხოლოდ ზოგად მოთხოვნას ადგენს, რომ სერტიფიცირების წესი უნდა შემუშავდეს. მინდა ნათლად ვთქვა, რომ ამით არავის არანაირად საქმიანობის უფლება არ შეეზღუდება. მხოლოდ პასუხისმგებელ პირს - არქიტექტორს, რომელიც საბოლოოდ აწერეს ხელს პროექტს, მოეთხოვება სერტიფიკატი. შემუშავდება პროგრამა, რომელსაც სერტიფიკატის მიღების მსურველი პირები ჩააბარებენ. ვინც შესაბამის კვალიფიკაციას დაადასტურებს, სერტიფიკატს მიიღებს. ეს ნებაყოფლობითი იქნება“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სამშენებლო კოდექსით განსაზღვრული ახალი წესები და შეზღუდვები უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე არ გავრცელდება.