საქართველოს მთავრობამ ტყით სარგებლობის წესები გაამკაცრა. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის 2 თებერვლის სხდომაზე დამტკიცდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს მდგრადი ტყის განვითარების პროცესს ქვეყანაში. ასევე, მოემსახურება ორგანიზებული ტყით სარგებლობის განვითარებას, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რიცხვს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.
როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ტყით სარგებლობის წესებში შევიდა, ტყეში არსებული ნარჩენები ბიოსაწვავის ბრიკეტების და სხვა წარმოების მიზნით იქნება ათვისებული.
„ტყე თუ არ განახლდა, მომავალ წლებში ჩვენ კრიტიკული მდგომარეობა გვექნება. ახლაც მძიმე მდგომარეობა გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ მაღალმთიან ზონებში ტყეების უდიდესი ნაწილი არის გადაბერებული. ჩვენი ტყეების საშუალო ასაკი 100 წლამდეა. ტყეში არსებული ნარჩენები დიდ ფართობს იკავებს და აუცილებელია მათი გამოტანა. ახალი წესის მიხედვით, ნარჩენები ბიოსაწვავის ბრიკეტების დასამზადებლად იქნება გამოყენებული. არსებობს სპეციალური ღუმელები, რომელშიც შეშის ნაცვლად, ბრიკეტებს იყენებენ. ეს არის ხის დაქუცმაცებული ნაწილი, რომელიც იპრესება და მცირე ზომის ბიოსაწვავის ბრიკეტები მზადდება. სხვათაშორის, ძალიან დიდხანს იწვის და მისი ენერგოტევადობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი შეშის“, - აღნიშნავს გაჩეჩილაძე.
მისი თქმით, კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ახალ წესებში მკაცრად გაიწერა, ეს არის ტყით სარგებლობის გადასახადი. მისი განმარტებით, ყველა ის გადასახადი, რაც ტყესთან მიმართებაში იქნება, მათ შორის საკომპენსაციო გადასახადი, ტყის გადარჩენის თანხებისკენ მიემართება. აღნიშნული გადასახადები ბიუჯეტში აღარ შევა და მთლიანად ტყის განაშენიანებას, მოვლას და სანიტარულ ჭრებს მოხმარდება.
ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო ჭრების აღკვეთის მიზნით, ტყით სარგებლობის წესებში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც ადგილობლივი მუნიციპალიტეტებისთვის სამასალე ხე-ტყის მიწოდებას გულისხმობს, რაც აქამდე პრობლემებს ქმნიდა.
„ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს სამასალე ხე-ტყე როცა სჭირდებოდა, ბრიგადებს ქირაობდნენ, რომლებიც ტყეში შედიოდნენ, ჭრიდნენ და გამოჰქონდათ მასალა. რაოდენობასთან დაკავშირებით პრობლემა ხშირად იქმნებოდა, რადგან გაცილებით მეტს ითხოვდნენ, ვიდრე სჭირდებოდათ. ამიერიდან აღნიშნულ სამუშაოებს, რაც ტყიდან ხის მოჭრა-გამოტანას ეხება, ეროვნული სატყეო დეპარტამენტი განახორციელებს“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ ტყით სარგებლობის ახალი წესები უკვე ძალაშია და მომავალში ტყის ახალ კოდექსშიც შევა. გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ახალი ტყის კოდექსი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აპრილში დამტკიცდება. ახალ კოდექსში კი ტყიდან ხე-ტყის გამოტანის წესები არამხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არამედ ყველასთვის, მათ შორის ე.წ. სოციალური ჭრებით მოსარგებლე ადამიანებისთვისაც შევა. შესაბამისად, ტყიდან ხე-ტყის მოჭრას და გამოტანას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.
თეონა კენჭიაშვილი