„შპს ”ბადაგონში“ არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება“

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანია ,,ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ გოდერძიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შპს ,,ბადაგონის“ წილის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, კომპანია ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლმა საგამოძიებო სამსახურს მიმართა განცხადებით, რომლის შესწავლის შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე.

”გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები, საგამოძიებო მოქმედების - დოკუმენტების ამოღების და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ განჩინება ითვალისწინებდა შპს ,,ბადაგონიდან“ 2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პროცესუალური ნორმების სრული დაცვით, ქალაქ თბილისში მდებარე შპს ,,ბადაგონის“ სათაო ოფისიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასთან და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე), კომპანიის ოფისიდან ასევე გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულ დოკუმენტებთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების თანდასწრებით დაილუქა.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შპს ,,ბადაგონში“ არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე. რა დროსაც კომპანია ,,ბადაგონის“ წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია.

ხსენებულ საგამოძიებო მოქმდებებს არ გამოუწვევია და ვერც გამოიწვევდა, შპს ,,ბადაგონის“ საქმიანობის შეფერხებას ან შეჩერებას. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების, საქმიანობის შეფერხების და ყადაღის დადების შესახებ სიცრუეა.

ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნულ საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ცრუ განცხადებები ხელს ვერ შეუშლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

საგამოძიებო სამსახურის საქმინობა ორიენტირებულია სახელმწიფოს, მოქალაქისა და ბიზნესის ინტერესის დაცვაზე”,- აცხადებენ უწყებაში.