„არ ვფიქრობ, რომ ელეგანტურობა მართებულია“ - დემნა გვასალია, მსოფლიოს ყველაზე „ცეცხლოვანი“ დიზაინერი

36 წლის ქართველს, ამჯამად Balenciaga-ს შემოქმედებითი სამსახურის ხელმძღვანელს მობეზრდა მოდა, როგორც ფანტაზია და თავიდან მოიშორა პარიზული მოდის ტროპები „ფლი მარკეტის“ პოდიუმებისა და შეკვეცილი დიზაინისათვის. რას იზამს ის შემდეგ?

იმის გასაგებად, თუ რატომ არის დემნა გვასალია ამჟამად პარიზის ყველაზე „ცეცხლოვანი“ დიზაინერი, პირველ რიგში ყველაფერი უნდა დაივიწყოთ, რაც პარიზზე იცით. დაივიწყეთ კატრინ დენიოვი, ჯეინ ბირკინი, ფრანსუა ჰარდი. დაივიწყეთ „პლაშები“, აბრეშუმის ბლუზები, „ბალეტკები“ და ჩალის კალათები.

Vetements-ისა და ბალენსიაგას დიზაინერის გვასალიას პარიზი ასეთი არ არის. ეს არის პარიზი, რომელსაც ალბათ, შენიშნავდით, ფრანგული საპოლიციო დრამის „სპირალის“ ბოლო სერიებით რომ ყოფილიყავით გატაცებული. ეს არის ქალაქი, რომელსაც ლუიზას (რომელიც არის ძიძა ლეილა სლიმანის რომანში Lullaby) თვალით ვხედავთ, როცა ის ბრუნდება თავისი დამქირავებლის სახლიდან საკუთარ სამეზობლოში. ეს არის ტელეფონის მაღაზიებისა და სწრაფი კვების ქალაქი, ქალაქი, სადაც გლამური ნიშნავს ვიწრო ჯინსებსა და ყალბ ხელჩანთებს, ქალაქი, სადაც ხმაურის ენა ქუჩის ყველა კუთხეში სხვადასხვაა, და არა ედიტ პიაფის ჰამონიული მუსიკა ფილმიდან.

ორი კვირის წინ, გვასალიას Vetements-ის ახალი კოლექციის ჩვენება ჰქონდა მამაკაცის მოდის კვირეულზე, პოდიუმის სანაცვლოდ Les Puces de Saint-Ouen „ფლი მარკეტის“ გაცრეცილ ხალიჩაზე. როგორც ადგილი, ის იმდენად განსხვავდებოდა მოდის კვირეულის ტროპებისგან, რამდენადაც შესაძლებელია. მოდელებს ეცვათ საწვიმრები და თავშლები, წარწერებიანი მაისურები და მატყლის ელვიანი ქურთუკები.

„არ ვფირობ, რომ ელეგანტურობა მართებულია“, - მხიარულად ამბობს გვასალია. მოდის კვირეულის შემდეგ ის თავის პარიზის ატელიეში იმალება და სიცივისგან თავის დაცვას ცდილობს მყუდროებაში, სანამ ბალენსიაგას შემდეგი ჩვენება დაიწყება 4 მარტს. „Vetements-ი ქუჩას ეხება და არა მგონია, ქუჩაში ადამიანები ელეგანტურობას ისახავდნენ მიზნად“. მოდის ჩვენებების უმეტესობაზე მოთხოვნაა სამოსი ინახებოდეს პლასტმასის ქვეშ 11 საათამდე, ნაკეცებისა და ლაქების თავიდან ასაცილებლად მეკოსტუმეები მოდელებს ბოლო წუთს არ ჩააცმევენ ამ ყველაფერს. ამ შოუზე, რომელიც გვასალიამ თავად გააფორმა, მოდელები ადრე შემოსეს, შემდეგ კი ჩვენების დაწყებამდე ისინი ისხდნენ და ჭორაობდნენ. შედეგად, სამოსი ცოტა გამოცოცხლებულად გამოიყურებოდა. „მივიჩნევ, რომ აქ რაღაცებს განსხვავებულად ვაკეთებთ. ამავდროულად, ყველაფერი მაინც იგივეა. არ აქვს მნიშვნელობა Vetements-ის კაპუშონიანი ხალათი იქნება თუ couture-ის კაბა, მთავარია ადამიანი, რომელიც მას იცვამს და ფიქრობს: კარგად ვგრძნობ თავს ამაში, ამით კარგად გამოვიყურები?“.

bpn

გვასალიას კარიერული აღმასვლა მოდის ზღაპრის ამბავს ჰგავს. ის სცენაზე 2014 წელს Vetements-ის ბრენდით გამოჩნდა, თავისი საკულტო კოლექტიური დიზაინით, შემდეგმა წლებმა კი მოიტანა ბევრი ძვირადღირებული მოდის ჩვენებები ფეშენებელურ ჩინურ რესტორნებში, ყვითელი DHL მაისურებითა და სხვადასხვა ფერის ფრანკენჯინსებით, რომელთა შეხამება ბირკინის ჩანთებთან კიდევ უფრო რთული იყო. Vetements-ი თანამედროვე მოდის ყველაზე უფრო გავლენიანი მარკა გახდა.

მომდევნო წელს გვასალია ბალენსიაგას შემოქმედებითი სამსახურის ხელმძღვანელი გახდა და მისი სამყარო საკმაოდ გლამურულად იქცა. ასე განსაჯეთ, გვასალიას ჩვენებებს კანიე უესტი და კიმ კარდაშიანიც ესწრებოდნენ.

„ის რაც განსხვავებულია ჩემს ხედვაში, არის პრაგმატიზმი,“ - ამბობს გვასალია. „მოდის სამყარო არ არის რეალური სამყარო და ჩემი ესთეტიკა ჰიპერრეალისტურია. არ ვარ დაინტერესებული რაიმე სახის ოცნებაში ვიცხოვრო. მოწყენილობისგან მოვკვდებოდი“. გასულ წელს, მან Vetements-ის მთავარი ოფისი პარიზიდან ციურიხში გადაიტანა, სადაც ის და მისი უმცროსი ძმა და მთავარი თანამშრომელი, მარკის აღმასრულებელი დირექტორი გურამ გვასალია ცხოვრობენ. მოდის ქალაქის დატოვებას ის მშვიდად შეხვდა. „ჩემი საქმიანობის დიდ ნაწილს ეკრანთან ვაკეთებ, ასე რომ ნებისმერ ადგილას შეიძლება ვიყო. რა მნიშვნელობა აქვს?“.

გვასალია სოხუმში, საქართველოში 1981 წელს დაიბადა. მისი ბავშვობიდან მკაცრი საბჭოური ესთეტიკა 1989 წელს ამოიშალა, რკინის ფარდის დაცემასთან ერთად: უცბად გაჩნდა პოპ მუსიკა, კოკა-კოლა, ჟურნალი Vogue. Vetements-ის ბოლო ჩვენება „ყველაზე უფრო ახლოს დგას ჩემს აღმოსავლეთ ევროპულ წარმოშობასთან“, ამბობს გვასალია. „ეს 100%-ით მე ვიყავი, 100%-ით ჩემი ესთეტიკა იყო“. ერთ-ერთი მოდელი იყო 16 წლის გოგონა „საქართველოდან, სადაც მე გავიზარდე. ეს დამთხვევა იყო - ის ინსტაგრამზე ვნახეთ, მაგრამ როცა წითელი ქურთუკი და ყვავილებით დაფარული კაბა, თავშალი და ჩექმები ჩავაცვით, ის ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ერთ-ერთი ქალბატონი იმ ადგილიდან, სადაც გავიზარდე.“

bpn

როცა გვასალია 10 წლის იყო, სამოქალაქო ომი დაიწყო და გვასალიამ ძმებთან, დედასთან და ბებიასთან ერთად კავკასიის მთები დატოვა. რელიეფის გამო მანქანის მიტოვება მოუხდათ და ფეხით გააგრძელეს სიარული, კალაშნიკოვის ავტომატი გაყიდეს ბებიისთვის ცხენის საყიდლად და საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დასახლდნენ. საკმაოდ უცნაური დასაწყისია მოდის კვირეულების ვარსკვლავისთვის. ამას უკავშირებს გვასალია შინაარსიანობას.

„გარისკვა არის ის, რასაც ბავშვობიდან შევეჩვიე და რაც Vetements-ის დნმ-ში დევს“, - ამბობს ის. „მოდის ჩვენებაზე უნდა გარისკო, რათა გადარჩე“. Vetements-მა ქალის სამოსი წარმოადგინა მამაკაცის სამოსის ჩვენებაზე, კაპუშონიანი ხალათები გამოიტანა haute couture-ის კვირეულზე.

ძმები გვასალიები ადაპტაციასა და ევოლუციას შესაფერისად მიიჩნევენ. („ჩვენ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ოთხი წლის ბრენდს ინდუსტრიის საუკუნოვან წესებს ვერ შევუსაბამებთ“). მყიდველები ნიუ იორკიდან, რომლებიც Vetements-ის ჩვენებას დაესწრნენ, დაინტერესდნენ ბრენდის მინიმალური შეკვეთის ზღვარით (წესი, რომელსაც უმეტესობა იყენებს წარმოების დასაცავად წარმოების მასშტაბების გაზრდით განპირობებული ეკონომიისას). მათ უთხრეს, რომ არ არსებობს მინიმალური შეკვეთის ზღვარი, არამედ მხოლოდ მაქსიმალური: Vetements-ის სტრატეგია იყო იმის გარანტირება, რომ მოთხოვნა გადააჭარბებდა მომარაგებას. ეს ყველას გაუკვირდა პარიზში, მაგრამ ტაქტიკამ გაამართლა.

ამჯამად გვასალია პატიოსნებითაა გამსჭვალულია. „შეხედეთ რა ხდება ჰოლივუდში“, - ამბობს ის. „შეხედეთ რა ხდება სხვაგან ჩვენს გარშემო. ჩვენ გულახდილები უნდა ვიყოთ.“ Vetements-ის ბოლო ჩვენება დაკავშირებული იყო მარტინ მარგიელასთან, რომელთანაც გვასალია რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა და რომელმაც გვასალიას შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა. „მარგიელას გავლენის შესწავლა ნიშნავდა რამდენიმე დელიკატურ კითხვასთან შეხებას ზეგავლენასა და მითვისებაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ კითხვების დასმა“, - ამბობს ის. კოლექციაში შედიოდა მარგიელას ცნობილი გახლეჩილი ცხვირის მქონე ჩექმები (cleft-toed Tabi boot) - ის მომდინარეობს იაპონიაში მე-15 საუკუნეში არსებული ჩასაცმელიდან, რომელიც მორგებული იყო თასმიან სანდლებს. „ეს გამოვიყენე, რათა პირდაპირ მიმეთითებინა მითვისებაზე. რა არის წყარო, რა არის გავლენა, რა არის ასლი? პასუხების განსაზღვრა ძნელია“.

გვასალია კარგად არის განწყობილი ტექნოლოგიების, ასევე ავთენტურობის მიმართ. მისი შემდეგი პროექტი ბალენსიაგასთვის ტექნოლოგიური სახისაა. კომპიუტერის ეკრანზე ცდიან ციფრულ მორგებას და ცდილობენ ბალენსიაგას ატელიეს ნაწილის სრულ გაციფრულებას. კითხვაზე, რას ფიქრობს ის, თუ როგორ შეცვლის ეს ახალი ტექნოლოგია მოდას, ის იცინის და ამბობს: „ჯერ არ ვიცი. მომავლის დანახვა არ შემიძლია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიცვლება“.

(მომზადებულია theguardian.com-იდან)