"ენერგო-პრო ჯორჯია" იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას განაგრძობს

კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ  520 500 ლარი შეადგინა.

”ენრგო-პროს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება რეგიონებში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამ დროისთვის 2014 წლის გეგმით გათვალისწინებული გასამრიცხველიანებელი სოფლებიდან იმერეთში - 10 და რაჭაში - 8 სოფლის მაცხოვრებლებს კომპანიამ უსასყიდლოდ დაუმონტაჟა ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი.

გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლებიც ადგილზე გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას მოიცავს: 101 000 მეტრზე მეტი ამორტიზირებული სადენი ახალი სადენებით შეიცვალა, ძველი ხის ბოძების ნაცვლად 412 ახალი რკინა-ბეტონისა და ხის დგარი დამონტაჟდა, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები.

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში გამრიცხველიანების მორიგი ეტაპი მიმდინარე წელს დაიწყო და წლის პირველ ნახევარში იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 57 სოფლის დაახლოებით 9 ათას აბონენტს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდება.

"მართალია ამ ეტაპზე ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის ან სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას. ენერგოკომპანია გამრიცხველიანების სამუშაოების წარმოებას დაგეგმილი გრაფიკით განაგრძობს და 2015 წლისთვის მთელი საქართველო გამრიცხველიანებული იქნება", - აცხადებენ კომპანიაში.