ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შეგვიძლია ინვესტორებს შესანიშნავი ბიზნეს გარემო შევთავაზოთ

ჩვენ ველით, რომ საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ხელსაყრელი გარემო და უდავო უპირატესობები ბიზნეს საქმიანობისათვის, მას აქვს აგრეთვე განსაკუთრებული ადგილმდებარეობაც.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი ბაზარი შესაძლოა ერთი შეხედვით არ იყოს აღქმული მომგებიანად, სულ სხვა სურათს დავინახავთ, თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონალურ ცენტრს. სწორედ ამ ჭრილში ნათელია, რომ საქართველო წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ცენტრს, არამედ ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარ დამაკავშირებელსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად, საქართველოში მყოფ ინვესტორებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შესანიშნავი ბიზნეს გარემო, ადგილმდებარეობა და წვდომა უკვე 900 მილიონიან ბაზარზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს შესანიშნავი ურთიერთობა ორ წარმატებულ მეზობელთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომელთან ერთადაც მსხვილი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგო და სატრანსპორტო პროექტები ხორციელდება, მათ შორის როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი და სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის "შაჰდენიზის გაზსადენის" პროექტები.

პრემიერის შეფასებით, ეს პროექტები უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და რეგიონში სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობისათვის.

"ჩვენ ველით, რომ საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, შავ ზღვაზე ავაშენოთ ღრმა წყლის პორტი, რომელიც შეძლებს უკეთ მოემსახუროს საქართველოში სწრაფად მზარდ ბიზნესებს, როგორც გადამზიდავი და სასაწყობე მეურნეობის სექტორში, ისე ნებისმიერი სახის წარმოება, გადამუშავების მიმართულებით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.