ავიაკომპანია „ემირატსმა“ და ევროპულმა ავიამწარმოებელმა „ეარბასმა“ კონტრაქტი გააფორმეს, რომლის შესაბამისადაც, არაბული კომპანია ჯამში 36 ცალ სუპერ გიგანტურ ავიალაინერ A380-ს შეისყიდის. კონტრაქტის ღირებულება 16 მილიარდი დოლარია.
რაც მთავარია, ამ კონტრაქტით, „ეარბასმა“ უზრუნველყო მსოფლიოში უდიდესი ორგემბანიანი სამგზავრო ლაინერის საწარმოო პროგრამა. კონტრაქტის არგაფორმების შემთხვევაში, ევროპული კომპანია A380-ის წარმოების გაჩერებას აპირებდა.
კონტრაქტის შესაბამისად, „ემირატსი“ პირველი ტრანშით, 20 სუპერ გიგანტს მიიღებს. მიწოდება 2020 წელს დაიწყება. ამ ტრანშის შესრულების შემდეგ, დუბაიში ბაზირებულ კომპანიას ოპციის სახით, კიდევ 16 ცალი A380-ის გამოწერის საშუალება ექნება.
A380-ს სამკლასიანი (ეკონომ, პირველი და ბიზნეს კლასები) კონფიგურაციით 525 ადამიანის გადაყვანა შეუძლია, მხოლოდ ეკონომ კლასის კონფიგურაციით კი მგზავრთა რიცხვი 853-ს აღწევს. სუპერ გიგანტური ლაინერის ფრენის სიშორე 15 700 კილომეტრია. მისი საკრეისერო სიჩქარე კი 0.85 მახს, ანუ დაახლოებით 900 კმ/სთ-ს შეადგენს.
ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, „ემირატსის“ მიერ „ეარბასისთვის“ შეკვეთილი A380-ის რაოდენობა 178-ს მიაღწევს.