საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 23 დეკემბერს მიიღო საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
კანონით რეგლამენტირებული იქნა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ინსტიტუციურად ახლებურად მოწყობის საკითხები, მათ შორის, განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა.
საბჭოს ახალი შემადგენლობა განიხილავს იმ ელექტრონულ ტენდერებთან და კონკურსებთან დაკავშირებით შემოტანილ საჩივრებს, რომელთა სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. ამ შემთხვევაში საბჭოს შემადგენლობაში, გარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 3 და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის 3 წარმომადგენლისა, შედის კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი.
ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული იქნა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესი“, რომელიც განსაზღვრავს ზემოაღნიშნული ორგანიზაციებიდან საბჭოს წევრებად დასახელების/არჩევის პროცედურებს.
წესით დადგენილ იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია საბჭოს წევრისთვის/საბჭოს წევრობის კანდიდატისთვის. კერძოდ, ასეთი პირს უნდა ჰქონდეს სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
მას შემდეგ, რაც კონკურენციის სააგენტოდან, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან წარმოდგენილი იქნება დავების საბჭოს უფლებამოსილი პირი, აგრეთვე არჩეული იქნება აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის ერთი წარმომადგენელი, საბჭო შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე. მეტად მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს ერთი და იგივე წევრი მის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
საგულისხმოა, რომ საბჭო წარმოადგენს მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის ჩატარებისას წარმოშობილი დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა. საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ზემოაღნიშნული კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შემოღებული რეგულაციების პრაქტიკული აღსრულების მიზნით, განახორციელა სათანადო ღონისძიებები, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge) არსებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ელექტრონულ მოდულს (https://tenders.procurement.gov.ge/dispute) დაემატა შესაბამისი ელექტრონული სერვისები, რაც უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვას.