„ტესლამ“ 2017 წელს 2 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა

„ტესლა მოტორსმა“ გასული წლის მეოთხე კვარტალში რეკორდული ზარალი განიცადა. დანაკარგმა 771 მილიონი დოლარი შეადგინა.

იმავდროულად, ამავე კვარტლის შემოსავალმა 3.29 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 44 პროცენტით მეტია წინა წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზე. სულ კი 2017 წელს კომპანიამ 2.24 მილიარდი დოლარი იზარალა. შედარებისთვის, 2016 წელს ზარალი „მხოლოდ“ 773 მილიონი დოლარი იყო.

ამერიკულმა კომპანიამ მეოთხე კვარტალში 29 967 ავტომობილი გაყიდა. მათგან 28 425 ცალი „მოდელ S“ და „მოდელ X-ია“. უახლესი სედანი „მოდელ 3“ კი მხოლოდ 1 542 ცალია გაყიდული. „ტესლა მოტორსი“ შარშან სულ 100 ათასი ავტომობილის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა ამაზე მეტის, 102 ათასის რეალიზება შეძლო.

წლის განმავლობაში კომპანიას უფრო მეტი ავტომობილის წარმოების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა „მოდელ S-ის“ და „მოდელ X-ის“ წარმოება შეზღუდა, რათა საწარმოო რესურსი ახალი „მოდელ 3-ის“ წარმოებისთვის გამოეთავისუფლებინა. წელს კი წარმოების მოცულობის ზრდა იგეგმება. პირველი კვარტლის ბოლოსთვის, ყოველკვირეული წარმოების მოცულობა 2.5 ათას ავტომობილამდე უნდა გაიზარდოს, წლის ბოლოსთვის კი კვირაში გამოშვებული ავტომობილების რიცხვი 5 ათასს მიაღწევს.

პარალელურად, კვლავ გრძელდება სადილერო ქსელის და დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურის გაფართოება. კომპანიამ მეოთხე კვარტალში 12 ახალი სადილერო ცენტრი გახსნა, რითაც მათი რიცხვი 330-მდე გაიზარდა. დასამუხტი სადგურების რაოდენობა კი 338-ით გაიზარდა და 1128-ს მიაღწია.