სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ოჯახებს კომპენსაცია დაუწესდებათ

2018 წლის 1 ივნისიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგადგარდაცვლილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა ოჯახის წევრებს ყოველთვიურად ათასლარიანი კომპენსაცია დაუწესდებათ.

საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის ავტორი და ინიციატორიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

ინიციატორთა ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 5 თანამშრომელი. კერძოდ, 2011 წელს – 1 თანამშრომელი, 2012 წელს – 1 თანამშრომელი, 2016 წელს – 2 თანამშრომელი და 2017 წელს – 1 თანამშრომელი.

რაც შეეხება გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, თანამშრომლის დაღუპვის, ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების ფაქტები არ ყოფილა.