2017 წელს ბანკებში იპოთეკით15 მლრდ ლარის უძრავი ქონება დაიტვირთა

კომერციული ბანკებიდან სესხის მისაღებად გასულ წელს ბანკების სასარგებლოდ 14,993,901,606 ლარის საცხოვრებელი ფართი დაიტვირთა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.

კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 6,080,480,275 ლარის საცხოვრებელი ფართი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ დაიტვირთა. შემდეგ მოდის „საქართველოს ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2017 წელს ჯამში, 5,689,112,324 ლარის ღირებულების საცხოვრებელი ფართი დაიტვირთა, ხოლო მე-3 ადგილზე ამ კუთხით, „ვითიბი ბანკია“, რომლის სასარგებლოდ დატვირთული საცხოვრებელი ფართის ღირებულება - 875,781,710 ლარი იყო.

რაც შეეხება 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს, სებ-ის მონაცემებით, კომერციული ბანკების სასარგებლოდ 1,126,082,580 ლარის ღირებულების საცხოვრებელი ფართი დაიტვირთა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 5 ბანკს - „ტერა ბანკს“, „თიბისის“, „პროკრედიტ ბანკს“, „კრედოსა“ და „საქართველოს ბანკს“ 2016 წლის მე-4 კვარტალის ანგარიშგებაში არ არის მითითებული თუ რა ღირებულების საცხოვრებელი ფართი დაიტვირთა მათ სასარგებლოდ.