ფრანსუა ოლანდი: საქართველოს კოზირია მთავრობის კეთილი ნება, მოახდინოს ეკონომიკის მოდერნიზება

საქართველოს მთავარი კოზირია მთავრობის კეთილი ნება, მოახდინოს ეკონომიკის მოდერნიზება.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გუშინ ქართულ-ფრანგულ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა, საქართველოს კიდევ რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. "საქართველოს უამრავი სარგებელი გააჩნია ინვესტორებთან დაკავშირებით. პირველი არის სტაბილური და გარანტირებული ჩარჩო, საკანონმდებლო თუ ფისკალური თვალსაზრისით, რასაც ინვესტორები ყველგან მოითხოვენ და არა მარტო საქართველოში. მეორე - მისი გეოგრაფიული მდებარეობაა. ესაა შესაძლებლობა, საქართველო იყოს სატრანზიტო ადგილი - ტრანსფორმაციების, ცვლილებების ადგილი. გარდა ამისა, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით საქართველომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვა ქვეყნის მოთხოვნებიც და ბოლოს,  მესამე პრიორიტეტი - საქართველოს კოზირია მთავრობის კეთილი ნება, მოახდინოს საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზება, გაატაროს ახალი და წარმატებით დაასრულოს წამოწყებული რეფორმები", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

ამასთან, ოლანდის განმარტებით, აღნიშნული უფრო და უფრო მეტი ფრანგული საწარმოს დაინტერესებას იწვევს, იქნება ეს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, თუ ტურიზმის სფერო.