საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 88,5%-ით გაიზარდა

რამდენიმეწლიანი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 88,5%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს რეექსპორტზე 29, 357 ერთეული ავტომობილი გავიდა, რაც 13,7 ათასით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ავტომობილების ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში სომხეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი არიან.

სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 517,7 მლნ. დოლარამდე შემცირდა, 2015 წელს ავტომობილების რეექსპორტმა 179,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2016 წელს, ექსპორტზე 15, 566 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ჯამში 166,633.7 ათასი დოლარის ოდენობის იყო. აქედან ლიდერი ექსპორტიორი ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომანქანა გავიდა, სომხეთია - 8,683 ერთეული. შემდეგ მოდის რუსეთი, სადაც 1,824 ცალი ავტომობილი გავიდა, უკრაინა - 1,665, აზერბაიჯანი - 1,330, შვეიცარია - 625 ცალი და არაბთა გაერთიანებული საამიროები - 437 ცალი. ასევე, ავტომობილების მცირე რაოდენობა გავიდა ექსპორტზე ირანში, თურქმენეთში, ყირგიზეთში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში.

2017 წელი კი ექსპორტისთვის საკმაოდ მზარდი იყო. კერძოდ, ქვეყნიდან გავიდა 29, 357 ავტომობილი, რომელთა საერთო ფასი 234,884.9 ათასი აშშ დოლარია. აქედან ლიდერი ექსპორტიორი ქვეყანა კვლავ სომხეთი იყო, სადაც წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული რაოდენობის ავტომანქანა - 14, 367 ცალი გავიდა. შემდეგ მოდის უკრაინა, სადაც ხუთჯერ მეტი ავტომობილი გავიდა - 6,186 ცალი. სამჯერ მეტი ავტომობილი გავიდა აზერბაიჯანში - 4,555, ორჯერ მეტი კი რუსეთში - 2,717 ცალი. ასევე, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა მცირე რაოდენობის მანქანები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ირანში, ბელგიაში, ჩინეთში, ყირგიზეთში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში.

მიუხედავად, ექსპორტის საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებისა, ავტოიმპორტიორების ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ, 2018 წელს საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი შემცირდება. ამის მიზეზად იმ რეგულაციებს ასახელებენ, რომელიც 2018 წლიდან მეზობელ ქვეყნებში ამოქმედდა. კონკრეტულად, 2018 წლის პირველი იანვრიდან აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილების განბაჟების ტარიფი გაიზარდა. სომხეთში კი, 2018 წლის პირველი აპრილიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანა, გაყიდვა და ყიდვა დროებით იკრძალება.

როგორც კომპანია „ერესტ ინთერნეიშენალის“ მენეჯერი ნიკოლოზ როსტიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, 2018 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად შემცირდება.

„აზერბაიჯანელები შარშან ძალიან გააქტიურდნენ, ექსპორტის ზრდა პირველ რიგში, მათი აქტიურობის შედეგია. თუმცა უკვე მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აზერბაიჯანმა განბაჟების ტარიფები გაზარდა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანიდან ექსპორტი, რა თქმა უნდა, შემცირდება. სომხეთში კი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი იკრძალება. რაც შეეხება მარცხენასაჭიანებს, სომხეთში ძირითადად 1998-99 წლებში გამოშვებულ ავტომობილებზე აქვთ მოთხოვნა. შეიძლება ითქვას, რომ ამ წელს სომხეთის ბაზარზე რეექსპორტიც მნიშვნელოვნად შემცირდება. 2018 წელს კარგი მოლოდინები არ მაქვს, რადგან ეს სფერო არამომგებიანი გახდა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკა აქვს და პრობლემების მიზეზი გარკვეულწილა ეს არის“, - აღნიშნავს როსტიაშვილი.

კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორს გიორგი სურგულაძეს კი მიმდინარე წელს ექსპორტთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით ერთგვარ ჰაბად ჩამოყალიბდა.

„2017 წელს აზერბაიჯანში საკმაოდ დიდი რაოდენობით ავტომობილი გავიდა და იმედი მაქვს, რომ ეს მაჩვენებელი 2018-შიც შენარჩუნდება. ამჟამად აზერბაიჯანში ნავთობის ფასი მომატებულია, ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა და ექსპორტის მიმართულებით ისევ გააქტიურდნენ. აზერბაიჯანში ექსპორტის მაჩვენებელი თითქმის ძველ ნიშნულს უბრუნდება.

რაც შეხება სომხეთს, ისინი ერთგვარი შუალედური რგოლის ფუნქციას ასრულებენ ჩვენსა და რუსეთს შორის. ჩვენგან გაჰყავთ ავტომობილები თავის ქვეყანაში, ექვსი თვე იქ აჩერებენ და შემდეგ რუსეთში გაჰყავთ. რუსეთში ავტომობილები საბაჟო კავშირის ფარგლებში, განბაჟების გარეშე შეჰყავთ. შესაბამისად, მათთვის საქართველოს ბაზარი საკმაოდ მომგებიანია“, - აღნიშნავს გიორგი სურგულაძე.

თეონა კენჭიაშვილი