ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები EBRD-ის წლიურ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმზე საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარმოადგენენ.

ვიცე-პრემიერი მოხსენებით გამოვა საინვესტიციო სესიაზე, სახელწოდებით "Georgia-New Frontier for Opportunities". სესიის მსვლელობისას განხილული იქნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, აგრეთვე მიმდინარე რეფორმები და პროექტები, რომელთაც ევრობანკი საქართველოში ახორციელებს. სესიას მოდერირებას გაუწევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საქართველოს ტურისტული და ბიზნეს კლიმატის ამსახველი სტენდი და ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც პროფესიონალი სომელიე გაუძღვება.

"საქართველოს საინვესტიციო კლიმატის წარმოჩენა ზემოხსენებულ ღონისძიებაზე მეტად მნიშვნელოვანია, რადგან 2015 წელს ქ. თბილისი უმასპინძლებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მომდევნო ყოველწლიურ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 1500 დელეგატი (მაღალი დონის ბიზნესმენი) ეწვევა", - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.