ისლანდაში ბიტკოინების მოპოვების პროცესზე სულ უფრო მეტი ელექტროენერგია იხარჯება, რამაც ქვეყანას შესაძლოა, ელექტრო ენერგიის დეფიციტი შეუქმნას.
ადგილობრივ ენერგეტიკულ კომპანია „ჰიტავეიტა სუდურნესიას“ ბიზნესის განვითარების დირექტორი იოჰან სნორი სიგურბერგსონი ამბობს, რომ ენერგიის მოხმარება არითმეტიკული პროგრესიით იზრდება.
სიგურბერგსონმა „ჯაპან ტაიმსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ბიტკოინის მაინინგის ცენტრების მიერ ენერგიის მოხმარება წელს გაორმაგდება და 100 მეგავატს მიაღწევს. ეს კი იმაზე მეტია, რასაც კუნძულის მოსახლეობა, რომლის რაოდენობაც 340 ათასამდეა, მაინინგის გარეშე მოიხმარს.
ბოლო წლებში, ისლანდიაში სულ უფრო მეტი კომპანია ხსნის ინფორმაციის გადამუშავების ცენტრებს. კუნძულის მიმზიდველობა იმაშია, რომ იქ თითქმის მთელი ენერგიის გამომუშავება, განახლებადი წყაროებიდან ხდება. იქ ენერგოტევადი ცენტრის გადატანით კი კომპანიები, საკუთარი ბიზნესით გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ხარისხს ამცირებენ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ინფორმაციის გადამუშავების ცენტრების მიერ, ელექტროენერგიის მოხმარება ექსპონენციალური ზრდით ხასიათდება“ - ამბობს სიგურბერგსონი.
მისივე თქმით, წელს ამავე ცენტრებს, საკუთარი ზემძლავრი კომპიუტერებისა და მათი გამაგრილებელი სისტემებისთვის, 840 გიგავატსაათი ენერგია დასჭირდებათ. შედარებისთვის, ქვეყნის მოსახლეობა 700 გიგვატს მოიხმარს.
სიგურბერგსონის თქმით, ისლანდიით და მისი მწვანე ენერგო პოტენციალით, სულ უფრო მეტი კომპანია ინტერესდება და თუ ასე გაგრძელდა, მალე ქვეყანა ენერგო დეფიციტის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება.
ისლანდიაში მალე მალე ამოქმედდება პროექტი „მუნლაიტ“, რომელიც უმსხვილესი საინფორმაციო ცენტრის ამოქმედებას ითვალისწინებს. მისივე ფარგლებში, სხვადასხვა ციფრული ვალუტის მაინინგი იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე, ცენტრს 15 მეგავატი ენერგია დასჭირდება, შემდეგ კი მოხმარება გაიზრდება.