ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ქარხნის მშენებლობა- ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ქარხნის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი შპს ,,ფაზის ოილის“ დირექტორმა გია შავდიამ წარადგინა. მისი თქმით, ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, საშუალო სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ქარხნის წარმადობა 4 მილიონ ტონაზეა გათვლილი და ძირითადად იმპორტირებული ნავთობის გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული.
„წარმოებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზება შეღავათიან ფასებში ადგილობრივ ბაზარზე იქნება შესაძლებელი. საქმიანობის ამ ეტაპზე ქარხნის ტერიტორიიდან ნედლი ნავთობის და წარმოებული პროდუქციის გადაზიდვა გათვალისწინებულია სახმელეთო ტრანსპორტით“, - აღნიშნა გია შავდიამ.
პროექტის ღირებულება მილიარდ დოლარს შეადგენს. ქარხნის მშენებლობაზე 600-700 ადამიანის დასაქმება იგეგმება.