გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, თეთრიწყაროსმუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება.
გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KFW) წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძეს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გუბერნატორის პირველი მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, სამხარეო ადმინისტრაციისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ, პარკის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისში დაიწყება.
,,ქვემო ქართლის რეგიონში უახლოეს პერიოდში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომლის დასრულების შემდგომაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული ცენტრალური პარკი. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობა, 2017 წელს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დაიწყო და მათი ინტერესები სამუშაოების განხორციელების ყველა ეტაპზე, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“, -განაცხადა გრიგოლ ნემსაძემ.
დაბა მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 300 ათას ლარამდეა.