”როგორ შეიძლება სტრატეგიული ობიექტი საიმედო ხელში არ გეგულებოდეს?!”

”არავინ იცის, როგორ მოიქცეოდა ”თელასის” ხელმძღვანელობა რუსული ტანკები თბილისისკენ რომ დაძრულიყვნენ...”

ჩვენი ქვეყნის მთავრობას სტრატეგიული ობიექტების ნუსხის დამტკიცება დაევალა, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა გახლავთ. უკვე ცნობილია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ნუსხას სპეციალური სამუშაო ჯგუფი გამოავლენს. რა კრიტერიუმით განისაზღვრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქონების სტატუსი, რომელი ობიექტები მოხვდება განახლებულ ნუსხაში, ან რას ნიშნავს ცნება "სტრატეგიული ობიექტი" - ამ საკითხებზე მსჯელობა და კამათი დღემდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის გარკვეული, რომ კრიტერიუმები ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით განისაზღვრება, ხოლო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას მიენიჭება.

რომელი ობიექტები შეიძლება შევიდეს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტთა სიაში - ამის თაობაზე გვესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე:

- საკითხი ასე უნდა დავსვათ: რას ნიშნავს სტრატეგიული ობიექტი, როგორია მსოფლიო, უცხოური პრაქტიკა და როგორ გადაწყვიტეს ეს საკითხი სხვა ქვეყნებში? ჩვენ ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას ნამდვილად ვერ შევძლებთ, მაგრამ ვიდრე საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ვიდრე სტრატეგიული ინტერესები აქვს, ვიდრე გვაქვს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა და უშიშროების კონცეფცია, ბუნებრივია, უნდა გვქონდეს ჩამონათვალი და წრე იმ ობიექტებისა, რომელიც ამ უსაფრთხოებას განაპირობებს და განსაზღვრავს. კლასიკური გაგება სტრატეგიული ობიექტისა ასეთია: ეს არის სამრეწველო და სამხედრო ობიექტი, რომლის დაუფლებაც საომარი მოქმედებების დროს საბოლოო შედეგის განმსაზღვრელი ხდება. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული ობიექტების ფლობა და განკარგვა მნიშვნელოვნად განაპირობებს ნებისმიერი ქვეყნის მომავალს, მის პერსპექტივებს.

- რა შეიძლება მივაკუთვნოთ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალს?

- თუ საუბარია ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, აქ იგულისხმება ობიექტები, რომელთა ფლობაც განაპიროებებს ეროვნული უსაფრთხოების ბედს. აქედან გამომდინარე, ასეთ ობიექტებს შეიძლება მივაკუთვნოთ რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენები, ელექტროსისტემა, კავშირის სისტემები, ნავმისადგომები, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები და ა.შ... სხვათა შორის, ამ საკითხზე გამართული დისკუსიის დროს ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ თქვა: ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, საომარი მოქმედებების დროს წისქვილკომბინატიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის როლს ასრულებსო, რაც სიმართლესთან ახლოსაა. ნებისმიერი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტი უეჭველად გახდება სამიზნე ორი სახელმწიფოს ინტერესთა შეჯახების შემთხვევაში. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია ეს საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ არ გამხდარა ევროკავშირის წევრი და ამ მიზნისაკენ საკმაოდ ნელა, ზიგზაგებით მიდის. ამასთან, საქართველოში ძალიან ბევრი გლობალური მოთამაშის ინტერესები იკვეთება, ესენია: აშშ, ევროპა, რუსეთი, თურქეთი და ა.შ... აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი და მათი განმარტება, რაც ამჟამინდელ კანონში არ არსებობს.

- თუმცა, ადრე კანონში სტრატეგიული ობიექტის ცნებაც იყო განსაზღვრული და ამგვარი ობიექტების სიაც არსებობდა.

-დიახ, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ცნებაც არსებობდა და ამ ობიექტების ჩამონათვალიც. 2008 წელს ეს ჩამონათვალი შეამცირეს და მხოლოდ ხუთ პუნქტამდე დაიყვანეს, თავად ტერმინი "სტრატეგიული ობიექტი" ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტებიდან ამოიღეს და იგი ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონებით" შეცვალეს, ხოლო 2010 წელს სტრატეგიული ობიექტის ცნება რატომღაც, საერთოდ გააუქმეს! ახლანდელი ხელისუფლება ღარიბაშვილის მეთაურობით მიიჩნევს, რომ სტრატეგიული ობიექტების განსაზღვრა და მათი ნუსხის შედგენა აუცილებელია, რა თქმა უნდა, მეც ვეთანხმები ამ თვალსაზრისს.

- არანაკლებ საკამათოა თემა - უნდა გასხვისდეს სტრატეგიული ობიექტები უცხოელებზე, თუ ეს დაუშვებელია?

- ამ ტიპის ობიექტები შეიძლება გასხვისდეს უცხოელებზე, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ძველი გამოცდილება: გავიხსენოთ თუნდაც ის პერიოდი, როცა ბენდუქიძის მთავრობა ყიდდა გაზსადენს, რომლის ერთადერთი მყიდველი მაშინ რუსეთი იყო. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ზეგავლენით ეს ობიექტი არ გაიყიდა. მეტიც, ამერიკელებმა თანხაც მოგვცეს იმისათვის, რომ იგი შეგვეკეთებინა. ჩვენს რეგიონში ყველა სახელმწიფო თავისი ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს - რუსეთიც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც და არ მესმის, შენი კოზირი რუსეთს რატომ უნდა გადაულოცო, მით უმეტეს, როცა ასეთი წინააღმდეგობრივი ურთიერთობა გაქვს მასთან? არანაკლებ მეტყველი მაგალითია ”საქართველოს რკინიგზის” აქციების გატანა საფონდო ბირჟაზე. ჩვენი რკინიგზის ერთადერთი რეალური მყიდველი მაშინაც რუსეთი იყო - რუსეთი, რომელსაც ყოველთვის სურდა და ახლაც სურს აკონტროლოს სიტუაცია კავკასიაში. თანაც, ამ ქვეყნის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ყოველთვის იყო და არის საერთაშორისო გაზსადენები და ნავთობსადენები. თუნდაც ახლო წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა გვქონდეს იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელიც ამ ეტაპზე სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ბუნებრივია, უნდა გამოვიყენოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც.

-ამ საკითხზე მსჯელობისას ექსპერტები იხსენებენ 2008 წელს, როცა საქართველოს მთავრობას ბევრმა კერძო ინვესტორმა არ დაუთმო თავისი ობიექტი...

- სხვათა შორის, ამ არგუმენტის საწინააღმდეგოდ მოჰყავთ ”თელასის” მაგალითი: მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსული კომპანიაა, ომის დროს ნორმალურად მუშაობდა და არც კი უცდია სიტუაციის პარალიზება, მაგრამ აქ ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ: აგვისტოს ომი მხოლოდ ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და რუსული ტანკები თბილისისაკენ რომ წამოსულიყვნენ, არავინ იცის, ”თელასის” მენეჯმენტი, მისი ხელმძღვანელობა როგორ მოიქცეოდა. ასე რომ, ცალსახად მსჯელობა მსგავს თემებზე საკმაოდ რთულია.

- თუმცა აქსიომაა, რომ არ შეიძლება დაპირისპირებულ ქვეყანას გადაულოცო ელექტრონერგია, წყალი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტები...

- არა მხოლოდ დაპირისპირებულ ქვეყანას, მეგობარ ქვეყნებთანაც შენი ეროვნული ინტერესების კარნახით უნდა მოქმედებდე. ამის კარგი მაგალითია ისრაელისა და აშშ-ის ურთიერთობაა: მათი მჭიდრო თანამშრომლობა მსოფლიო არენაზე კარგად ჩანს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისრაელი ძალიან კარგად იცავს თავის ინტერესებს. სტრატეგიული ობიექტი რის სტრატეგიული ობიექტია, თუ ის საიმედო ხელში არ გეგულება? მით უმეტეს, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრი ჯერ კიდევ არ გამხდარა. როდესაც ამ ორგანიზაციის წევრები გავხდებით, მაშინ სტრატეგიული ობიექტის ცნება სულ სხვა დატვირთვას შეიძენს და ყველაფერი სხვაგვარად იქნება, მაგრამ ამ მიზნის მიღწევამდე ჩემი აზრით, ცოტა დრო არ არის დარჩენილი.

ხათუნა ჩიგოგიძე