ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ხარვეზი, ამაზე გვექნება ადეკვატური რეაგირება , - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
ბენდელიანმა აღნიშნა, რომ მერია ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის კონკურენციას მაქსიმალურად უზრუნველყოფდა და გამარჯვებულ კომპანია "ნილს" ტენშერში მონაწილეობას ვერავინ აუკრძალავდა.
"თქვენ იცით, რომ ერთთვიანი ხელშეკრულებები გვქონდა გაფორმებული ამ კომპანიასთან იმიტომ, რომ სანამ ტენდერის შედეგს მივიღებდით, ბავშვები კვების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. გუშინ გვქონდა ბოლო სხდომა საბავშვო ბაღების კვებასთან დაკავშირებით და გიდასტურებთ, რომ გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია "ნილი".
რაც შეეხება მომავალში ამ კომპანის მიერ ხარვეზების დაშვებას, ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ხარვეზი, ამაზე გვექნება ადეკვატური რეაგირება. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები არის ღია და გამჭვირვალე. მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ კონკურენციის პირობები“, - განაცხადა ბენდელიანმა.