„კომერციული პალატების შექმნაზე მუშაობა გრძელდება და ეს საკითხიც საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე კომერციული დავების განმხილველი ვიწრო სპეციალიზაციის გაფართოებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება და მოსამართლეების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა სასამართლო სისტემაში.

რაც შეეხება ზოგადად საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვიწრო სპეციალიზაციას, რომელიც კომერციულ დავებს განიხილავს, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, დღეს არის ის შედეგი, რომ თითოეულ მოსამართლეს წარმოებაში აქვს დაახლოებით, 35-40 კომერციული დავის შესახებ საქმე, "რაც არის იოლად სამართავი და საქმის განხილვის ვადებიც შემცირებულია".

"ჩემი ინფორმაციით, შესაგებლის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში ინიშნება საქმის განხილვა და ძალიან სწრაფად სრულდება", - განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება კომერციული პალატების შექმნას, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ეს რეფორმა შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში იხილება.

"რაც შეეხება ვიწრო სპეციალიზაციას, ამას საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება არ სჭირდება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს უფლებამოსილება, რომ კონკრეტული ვიწრო სპეციალიზაციები შექმნას ამა თუ იმ მიმართულებით, სადაც შედარებით პრობლემურია დავების განხილვა. თუმცა კომერციული პალატების შექმნაზე მუშაობა გრძელდება და ეს საკითხიც მოწესრიგდება საკანონმდებლო დონეზე", - განაცხადა მიქაუტაძემ.