საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხი დღის წესრიგში ტაქსების რეგულირების შემდეგ დადგება.
თბილისის მერია აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობას აპირებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ამბობენ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მონიტორინგი მერიის კომპეტენციას სცილდება, მაგრამ შესაძლებელია, ავტოსადგომების მდებარეობა და ლოკაცია გადაიხედოს.
გარდა იმისა, რომ რეგიონების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთოა, მათი უმეტესობა ძველი, თითქმის ამორტიზებული ტრანსპორტია. აქედან გამომდინარე, მგზავრების უსაფრთხოება მინიმალურ დონეზეც არ არის დაცული.
როგორც თბილისის მერის მოადგილე მამუკა მუმლაძე აცხადებს, საქალაქთაშორისო მარშრუტებზე ძალიან ბევრი მინივენი მოძრაობს, რომლებზეც არანაირი რეგულაცია არ ვრცელდება.
"წლების წინ საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მხოლოდ ავტობუსები დადიოდნენ. შემდეგ უკვე მიკროავტობუსებზე მოხდა გადასვლა, რის შედეგადაც თბილისში რაიონებიდან დღის განმავლობაში 1800-მდე რეისი მივიღეთ. ეს დიდ ქაოსს ქმნის და ვგეგმავთ, მომავალში მათი მარშრუტებიც დავადგინოთ. ჩემი პირადი მოთხოვნა და ტრანსპორტის სამსახურის რეკომენდაცია იქნება, რომ მინივენები გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებაროს", - განუცხადა "საქმეს" მუმლაძემ.
იმის გამო, რომ ალტერნატიული ტრანსპორტის მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს, მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე მეტად სწორედ მიკროავტობუსებით გადაადგილდება. ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა ქვეყანაში არის საშიში და რისკი თითოეული მგზავრისთვის ძალიან დიდია.
"ეკო-ტრანსპორტო ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორ ვასო ურუშაძის შეფასებით, რეგიონების მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების უმეტესობა სტანდარტთან აბსოლუტურად შეუსაბამოა.
"დავიწყოთ იმით, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მერიის კომპეტენციაში არ შედის. მას არეგულირებს ეკონომიკის სამინისტროში არსებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც გასცემს ნებართვებს ავტოსადგომის არსებობაზე, მის მშენებლობაზე, ექსპლუატაციაზე, ზოგადად მარშრუტებზე და აქვს რეგულირების ვალდებულება. პრობლემაა ის, რომ ამ უწყებას არ აქვს მონიტორინგის ეფექტური სისტემა და არც აღსრულების მექანიზმზე მიუწვდება ხელი.
გამოდის, რომ კანონმდებლობა არსებობს, მაგრამ მისი აღსრულება რეალურად არ ხდება. ეს ერთგვარი საკანონმდებლო ხარვეზიცაა, რადგან მონიტორინგისთვის სჭირდებათ სასამართლოს გადაწყვეტილება. მერია ამასთან არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ შეუძლია, აღმასრულებელ ორგანოს მიმართოს შესაბამისი რეკომენდაციით.
პირველ რიგში, ავტოსადგურების ადგილმდებარეობა უნდა შეიცვალოს და ამ მხრივ მერიის ჩართულობა მიზანშეწონილია. საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ნამდვილად მოგვარებადია", - განმარტა
"რეზონანსთან" საუბრისას ურუშაძემ და ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრობლემაზე, რასაც მოქალაქეები რეგიონებში მგზავრობისას აწყდებიან.
გარდა იმისა, რომ მიკროავტობუსების ნაწილი რეალურად სატვირთო ტრანსპორტია, არის სხვა სახის ხარვეზებიც, რომლებიც საქალაქთაშორისო ტრანსპორტს უკავშირდება.
"რეგიონებში მოძრავი მიკროავტობუსების უმეტესობა არ შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტს. დღეს სატვირთო მიკროავტობუსების დიდი ნაწილი გადაკეთებულია სამგზავროდ და, რეალურად, ხელისუფლება არ აწარმოებს არანაირ კონტროლს ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამან განაპირობა ქაოსი. ასეთი სიტუაცია განპირობებულია იმით, რომ სატვირთო ტრანსპორტი უფრო იაფია, ვიდრე სამგზავრო და მისი შეძენა მძღოლისთვის გაცილებით ხელმისაწვდომია.
მგზავრთა გადაყვანის წესები დარღვეულია. ელემენტარულად, მანქანის სალონში სავარძლების განთავსება ნორმებს არ შეესაბამება. არ აქვთ ღვედები, სავარძლებს შორის მანძილი არ არის დაცული, მათი დამაგრება და აღჭურვა კუსტარულად ხდება და ა. შ. ამასთან, მგზავრების გადაყვანა ხდება ძველი, თითქმის მწყობრიდან გამოსული მიკროავტობუსებით, რაც ცალკე პრობლემაა.
სამწუხაროდ, როცა ასეთი მიკროავტობუსი მოხვდება ავტოსაგზაო შემთხვევაში, შედეგი არის ფატალური. რეალურად, ისინი არც გადიან სავალდებულო ტექდათვალიერებას, რომელიც კანონით ეხებათ", - განუცხადა "რეზონანსს" ურუშაძემ.
ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობა ქვეყანაში არის საშიში და რისკი თითოეული მგზავრისთვის ძალიან დიდია.
მერიის ინიციატივას მიესალმება ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით, უმეტესად, ამორტიზებული მიკროავტობუსებით ხდება, რაც ყოველდღიურად ასობით ადამიანს უქმნის საფრთხეს.
"ყოველთვის ფასზე კეთდება აქცენტი და არავინ ფიქრობს იმაზე, რამდენად კვალიფიციური მძღოლები ემსახურებიან მგზავრებს და რა მდგომარეობაშია ტრანსპორტი. თამამად შეიძლება თქმა, რომ, ტრანსპორტის ტექნიკური გამართვის თვალსაზრისით, განუკითხაობაა, მძღოლების კომპეტენციის საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
დღეს მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველას აქვს მოხსნილი. თავის მხრივ, მძღოლები, ერთი შეხედვით, თითქოს გადიან სამედიცინო შემოწმებას, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. დაღლილი მძღოლი საჭესთან რისკია, არის შემთხვევა, რომ 3-4 რეისს ასრულებენ დღეში. ტარიფებს არეგულირებს ბაზარი, მაგრამ მოქმედებს განუკითხაობა, რასაც აუცილებლად სჭირდება ყურადღება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მესხიშვილმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"