საქართველოს მოსახლეობა 4,49 მილიონს შეადგენს

20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა მიგრაციულ პროცესებში ყველაზე აქტიურად მონაწილეობს.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით 4,49 მილიონს შეადგენს, შარშან ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა 4,483 მილიონით განისაზღვრებოდა.

"საქსტატის" ცნობით, მოსახლეობის 53,7% ქალაქად ცხოვრობს, 46,3% - სოფლად. მოსახლეობის 47,7% მამაკაცია, 52,3% კი - ქალი.

"საქსტატის" შეფასებით, 2013 წელს წინა წელთან შედარებით 5-9 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობაში 0,2%-ით მატება აღინიშნება, რაც გამოწვეულია 2006 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობის ზრდით. 2012 წელთან შედარებით, 10-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში აღინიშნება 0.7%-იანი კლება, მათგან 20-24 წლის ასაკობრივმა ჯგუფმა ყველაზე დიდი კლება (0,3 პროცენტი) განიცადა, რაზეც ზეგავლენა მოახდინა ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის მიგრაციულ პროცესებში აქტიურად მონაწილეობამ.

2013 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 95 064 კაცი შეადგინდა, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5%-ით აღემატება, იმიგრანტების რაოდენობამ კი 92 458 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია. მიგრაციულმა სალდომ (სხვაობა ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობას შორის) 2013 წელს უარყოფითი მაჩვენებელი -2 606 ერთეული შეადგინა.