საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარს შეადგენდა. 2017 წლის დეკემბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 173.5 ლარი იყო.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 8.7 ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარში ეს მონაცემი 166.3 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, იანვარში 1.3 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. კერძოდ, წინა თვეში ეს მონაცემი 155 ლარი; ხოლო 2017 წლის დეკემბერში 153.7 ლარი იყო.

რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, იანვარში ის დეკემბერთან შედარებით, 2.5 ლარით გაიზარდა და 293.5 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის იანვრის მონაცემთან შედარებით, 14.6 ლარით არის გაზრდილი.