საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი დაფინანსება 5 მილიონ ლარზე მეტით მცირდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ თბილისის მერიას მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება გაეზარდა, კახა კალაძემ ეს თანხა გაანახევრა, 10 800 000 ლარის ნაცვლად ამ მიზნით მხოლოდ 5 800 000 დაიხარჯება. გარდა ამისა, ნადირაძის თქმით, მცირდება საგზაო შეკეთებისა და ინფრასტრუქტურის სამუშაოები 2 400 000 ლარით, მცირდება ავარიული კორპუსების გამაგრების სამუშაოები 1 8000 ლარით, კეთილმოწყობის სამუშაოები ნახევარი მილიონი ლარით.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ეს საბიუჯეტო ცვლილებები კარგად აჩვენებს რამდენად არაადეკვატურია კახა კალაძე და თბილისის მერია რამდენად არაადეკვატურად გეგმავენ ისინი თბილისის ბიუჯეტს.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ კახა კალაძეს გაითხოვოს საკრებულოდან საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელიც არ ასახავს თბილისელების ინტერესებს და საჭიროებებს და ხელახლა შემოიტანოს ცვლილებები მერიაში ოპტიმიზაციის გათვალისწინებით მკვეთრად შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯებით, სადაც ასახული იქნება თბილისელების ყველა ის ინტერესი და პრობლემა, რაც დედაქალაქში არსებობს. ეს არის საცობების, პარკირების, ავარიული კორპუსების, ეკოლოგიისა და გამწვანების, დასაქმების ხელშეწყობის თუ სოციალური მიმართულებები“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
საბიუჯეტო ცვლილებების საკითხს თბილისის საკრებულო ჯერ კომისიებში განიხილავს, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე. წინასწარი ინფორმაციით, არსებული ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით გაიზრდება, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი საგრანტო თანხაა.