ჰენრი ფორდი - ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ავტომობილი აჩუქა

ეს ადამიანი გასული საუკუნის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. წარმოუდგენელი ორგანიზაციული ნიჭით დაჯილდოებულმა ფორდმა უმცირეს დროში, მსოფლიოში ყველაზე დიდ და მძლავრ საავტომობილო ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი.

ფერმერის ოჯახში დაბადებული ფორდი 16 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და დეტროიტში დაიწყო მუშაობა.

მომავალი ბიზნესმენის კარიერის დასაწყისი არც ისე წარმატებული იყო. ახალგაზრდა ფორდი დეტროიტში ინჟინრის მოწაფედ სამსახურის დაწყებიდან ერთ კვირაში, სამუშაოდან დაითხოვეს. იგივე შედეგით დასრულდა მესაათეს და გემების ძრავების შემკეთებელ სახელოსნოებში სამსახურის დაწყების მცდელობებიც. მისი პირველი სტაბილური სამსახური თომას ედისონის ელექრო კომპანია (Edison Illuminating Company) იყო. ფორდი სწრაფად მიიწევდა წინ და მალე კომპანიაში მთავარი ინჟინრის პოსტიც დაიკავა.

მის მთავარ გატაცებად მოტორიანი ურიკები და ავტომობილი რჩებოდა. ხალხის მასებისთვის ხელმისაწვდომი ავტომობილის შექმნის იდეა მას მოსვენებას არ აძლევდა.

ფორდის აზრით კომპანიის ან ნებისმიერი კომერციული წამოწყების წარმატების საიდუმლო სწორედ გაკეთებულ რეკლამაში მდგომარეობს - „4 დოლარი, რომ მქონდეს, 3-ს რეკლამაზე დავხარჯავდი“. 1903 წლის 16 ივნისი მსოფლიო ავტომრეწველობის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია - 28 000 დოლარის საწყისი კაპიტალით ფორდმა Ford Motor Company დაარსა.

მთელი ძალისხმევა ფორდმა წარმოებაში იაფი, ექსპლუატაციაში მარტივი და საიმედო, საშუალო ფენებისთვის ხელმისაწვდომი ავტობილის შექმნაზე გადაიტანა. ავტომრეწველობის სფეროში მომუშავე ბევრი ბიზნესმენი ფორდის აკვიატებულ იდეას უტოპიურს უწოდებდა. ფორდმა თავისი მაინც გაიტანა - ავტომობილის კონსტრუქცია მაქსიმალურად გაამარტივა და აწყობის კონვეერული სისტემა დანერგა.

მიჩნეულია, რომ ფორდი პირველი იყო ვინც ავტომრეწველობაში კონვეერული პრინციპი გამოიყენა. ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. პირველად ის 1901 წელს „ოლდს მობილ კომპანის“ დირექტორმა რენსომ ოლდსმა დააპატენტა.

1908 წელს ფორმამ პირველი სერიული ავტომობილი Ford T გამოუშვა. პრაქტიკულმა და იაფმა მანქანამ ფორდს წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა. მასიურმა წარმოებამ ფორდს ფასის შემცირების საშუალება მისცა. თუ 1910 წელს ახალთახალ Ford T-ში რიგითი ამერიკელი 850 დოლარს იხდიდა, 1913 წლისთვის ამ ციფრმა 550 დოლარამდე დაიწია. იმ დროს მსოფლიოში არსებული ავტომობილების 10 % სწორედ Ford T-ზე მოდიოდა.

მანქანის მუდმივ გაუმჯობესების და მოდიფიცირების პარალელურად, ფორდი მუშებზეც ზრუნავდა. 1914 წელს ჰენრი ფორდმა მუშის ხელფასი დღეში 5 დოლარამდე გაზარდა და სამუშაო დღე 8 სთ-მდე შეამცირა. 1920-იანი წლების დასაწყისისთვის ფორდი იმაზე მეტ ავტომობილს უშვებდა, ვიდრე ყველა მისი კონკურენტი ერთად აღებული. აშშ-ში ყოველდღიურად გაყიდული 10 ავტმობილიდან 7-ს Ford-ის ლოგო ამშვენებდა.

Ford T-ს წარმოება 1927 წელს 15 მილიონზე მეტი ეგზემპლიარის გამოშვების შემდეგ შეწყდა. კონვეერზე მისი ადგილი ახალმა Ford A-მ დაიკავა. სხვათა შორის სწორედ ამ ავტომობილიდან დაიწყო საბჭოთა სამოქალაქო ავტომრეწველობის ისტორია. 1929 წელს შეძენილი ლიცენზიის საფუძველზე სსრკ-მ საკუთარი ГАЗ-А-ს წარმოება დაიწყო (სულ დამზადდა 41 917 ცალი). 1,5 ტ ტვირთამწეობის სატვირთო ГАЗ-АА-ს ისტორიაც აშშ-ში 10 ცალი Ford AA-ს ტიპის სატვირთო ავტომობილის შეძენით დაიწყო. უფრო ადრე, 1920-იან წლებში ბოლშევიკებმა ფორდისგან ტრაქტორების წარმოების ლიცენზია იყიდეს.

ჰენრი ფორდი 83 წლის ასაკში 1947 წელს გარდაიცვალა. მისი კომპანია დღესაც ავტომობილების წარმოების მოცულობით მსოფლიოში სისიდით მეოთხე ადგილზეა. ფორდის მიერ დანერგილი წარმოების და ბიზნესის მართვის ბევრი პრინციპი დღესაც უცვლელად გამოიყენება - „მხოლოდ ორი სტიმული აიძულებს ხალხს მუშაობას - ხელფასის მიღების წყურვილი და მისი დაკარგვის შიში“.

წყარო:gulf.ge