შეერთებულ შტატებში ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება

შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარში სამომხმარებლო ფასები და ბაზისური ინფლაცია, საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ტემპით გაიზარდა.

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ფედრეზერვს შესაძლოა, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის სამზე მეტჯერ გაზრდის საფუძველი მისცეს.

ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები იანვარში 0.5 პროცენტით არის გაზრდილი. დეკემბერში ამავე ინდექსის ზრდამ მხოლოდ 0.1 პროცენტი შეადგინა, იანვრის პროგნოზული მაჩვენებელი კი 0.3 პროცენტი იყო. წლიური გადაანგარიშებით, შტატებში ინფლაცია იანვარში 2.1 პროცენტით გაიზარდა. პროგნოზი კი 1.9-პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა.

სამომხმარებლო ფასების საბაზისო ინდექსი, რომელიც კვების პროდუქტების და ენერგომატარებლების ფასების დინამიკას არ მოიცავს, 0.3 პროცენტით არის გაზრდლი. პროგნოზის შესაბამისად, მისი მხოლოდ 0.2 პროცენტით ზრდა იყო მოსალოდნელი. წლიური გადაანგარიშებით, ამავე ინდექსის მაჩვენებელი 1.8 პროცენტით გაიზარდა, პროგნოზი კი 1.7 პროცენტით ზრდას ვარაუდობდა.

ფედრეზერვი საბაზისო ინფლაციას, გრძელვადიან პერსპექტივაში ინფლაციის განვითარების ყველაზე ზუსტ მაჩვენებლად განიხილავს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ინდექსი კვების პროდუქტების და ენერგომატარებლების ფასების დინამიკას (რომელიც ხშირად იცვლება) არ ითვალისწინებს. ფედრეზერვი ცდილობს, რომ საბაზისო ინფლაცია 2-პროცენტიან ნიშნულთან ახლოს იყოს.

ახლა, როცა საფონდო ბაზარზე მასობრივ გაყიდვებს ჰქონდა ადგილი და სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობაც გაიზარდა, ინფლაციის დადებითი დინამიკა ყველა საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ფედრეზერვმა დოლარზე საპროცენტო განაკვეთი ასწიოს.