პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, ცვლილებების შედეგად განისაზღვრება ის დარგები, რომლებზეც განხორციელდება შრომითი ინსპექციის უფლებამოსილება, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური შემოწმება განახორციელოს იმ საწარმოებზე, რომელთა ნუსხასაც მთავრობა განსაზღვრავს და შემდეგ მოხდინოს შესაბამისი რეაგირება სხვადასხვა სანქციების გამოყენებით.
მისივე თქმით, დღეს კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ერთი მხრივ, პროცედურები და მეორე მხრივ, იმ სანქციების ოდენობები, რაც დაკავშირებული ამ კანონპროექტის ამოქმედებასთან.
„საბოლოოდ, რედაქცია ჩამოყალიბდა იმ ფორმით, რომ 3 თვის ვადაში მთავრობა ვალდებული იქნება განსაზღვროს ის საქმიანობები და იმ დაწესებულებათა ნუსხა, რომელზეც განხორციელდება შრომის ინსპექტორის უფლებამოსილება. 3 თვის ვადაში ბიზნესი იქნება ვალდებული, შეასრულოს ყველა ის რეგლამენტი, რომელიც დადგენილი იქნება. ამის შემდეგ სრულად ექნება უფლებამოსილება შრომის ინსპექტორს განახორციელოს თავისი უფლებამოსილება აღნიშნული კანონით“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე განცხადებით, ეს სფეროები მოიცავს მძიმე, მავნე და საშიშ საქმიანობებს.
„კომიტეტის სხდომაზე იქნა დაფიქსირებული მოსაზრება და ეს საერთაშორისო ვალდებულებაცაა, რომ 2019 წლის 1-ელი სექტემბერიდან შესაძლებელი იქნება ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც სრულად მოიცავს ყველა დასაქმებულსა და დამსაქმებლებს შორს ურთიერთობებს, რაც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოებასთან. ამ ეტაპზე ეს კანონპროექტი ეხება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან საქმიანობას“, - განაცხადა თადუმაძემ.
მისივე თქმით, შრომის ინსპექტორს შეეძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შევიდეს ობიექტზე რამდენიმე შემთხვევაში.
„პირველი - როდესაც ის, გეგმურ შემოწმებას ახორციელებს, მეორე - როდესაც გეგმური ან არაგეგმური შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორს განესაზღვრა ვადა ხარვეზის აღმოფხვრისთვის და მისი რემონიტორინგის მიზნით შეიძლება შევიდეს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეიძლება შევიდეს უბედური შემთხვევის დროს“, - განაცხადა თადუმაძემ.
შალვა თადუმაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ძირითად უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავს სამმხრივი კომისია და ის მონაწილეობას მიიღებს გეგმის შემუშავებაში, „თუმცა რომელ საწარმოებაში განახორციელებს გეგმურ შემოწმებას, ამას თავად შრომის ინსპექტორი განსაზღვავს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც მან სამმხრივმა კომისიამ განუსაზღვრა“.
მისივე თქმით, გეგმური შემოწმება წელიწადში ერთხელ ხორციელდება, თუმცა თუ საჭირო იქნება რემონიტორინგი, შესაძლებელია საწარმოში შრომის ინსპექტორი რამდენჯერმეც შევიდეს.
რაც შეეხება სანქციებს, შალვა თადუმაძის განცხადებით, საწარმოო პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეჩერდება, როდესაც კრიტიკული დარღვევებია.
„თუ ეს კრიტიკული დარღვევები გარკვეულ რეციდივის ხასიათს იღებს და მუდმივად კრიტიკური დარღვევებია, ბუნებრივია, სახელმწიფო იტოვებს შესაძლებლობას გარდა შეჩერებისა, ფულადი სანქციების გამოიყენოს“, - განაცხადა თადუმაძემ.
მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ მძიმე, მავნე და საშიში პრობები ძირითადად კერძო სექტორის საქმიანობას წარმოადგენს, ეს ბუნებრივია, მხოლოდ კერძო სექტორზე გავრცელდება.