ამერიკულმა პრემიუმ კლასის ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დაარსებიდან დღემდე 300,000 ელექტრომობილი აწარმოა.
წარმოებისა და გაყიდვების მიხედვით, რა თქმა უნდა, ლიდერია მისი ყველაზე „ხანდაზმული“ მოდელი Model S, რომლის 212,821 ეგზემპლარი გაყიდა. როგორც ცნობილია, მის სამოდელო გამაში ამ დროისთვის მხოლოდ სამი მოდელია და მათი გაყიდვები, და არა წარმოება, ასე გამოიყურება.
212,821 Model S
71,927 Model X
1,770 Model 3
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, კომპანია დღემდე ვერ ახერხებს დაპირებული რაოდენობით მის გამაში ყველაზე დაბალფასიანი (35,000$) და ყველაზე მოთხოვნადი მოდელის Model 3-ის წარმოებას. რომ არა ტექნიკური შეფერხებები, კომპანიას აღნიშნულ მოდელზე უკვე აქვს 700 ათასზე მეტი შეკვეთა მიღებული, თუმცა ჯერ ვერც წარმოებას და ვერც მიწოდებას დათქმულ ვადებში ვერ ახერხებს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ტექნიკური შეფერხება აქვს, ის ძალიან მალე გახდება მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია, ამ დროისთვის მას მცირედით უსწრებს Nissan-ი, რომელმაც მისი მე-300,000 მოდელის გაყიდვის შესახებ გასულ თვეს გამოაცხადა. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იაპონელებმა Leaf-ის წარმოება 2011 წელს დაიწყეს, ხოლო ამერიკელებმა მხოლოდ 2013 წლიდან.
კოკა კვირკველია