„რეზონანსი" - მკაცრი კონტროლის შედეგად სამშენებლო მასალების 80% უვარგისი აღმოჩნდება

სამშენებლო მასალების 80% უხარისხო და გამოუსადეგარია.

პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მოძრაობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ბაზრიდან სწორედ ამ მოცულობის პროდუქციის ამოღება მოუწევთ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ეს, რა თქმა უნდა, იმ პირობებში თუ კანონი მღებისთანავე ფარატინა ქაღალდად არ იქცევა.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სამშენებლო მასალებში ყველაზე მეტი პრობლემა რადონის მაღალი შემცველობაა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. განსაკუთრებით უნდა გაკონტროლდეს მოსაპირკეთებელი მასალები და არმატურა, რომლებიც მომწამლავ ნივთიერებას ჭარბი ოდენობით შეიცავენ.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, საფრთხის შემცველ სამშენებლო პროდუქციას ბაზრიდან ამოიღებენ. მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ახალი ინიციატივა გულისხმობს ეტაპობრივად სხვადასხვა პრდუქციის შემოწმებას, მათ შორის სათამაშოების, სამოქალაქო დაცვის ფეთქებადი საშუალებების, მანქანა-დანადგარების და ა. შ.

კანონის შემუშავებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს და ევროპულ კანონთან დაახლოება 2022 წლამდე სრულად უნდა მოხდეს.

სამშენებლო მასალების კონტროლი ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა დაეწყო ორგანიზაციას "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე", მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა. კომპანიის ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ჰქონდათ მინიმალური მხარდაჭერაც კი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი დიდი იყო.

ამ ეტაპზე ევროპული სტანდარტის შემოღებას საკანდელიძე დაუშვებლად მიიჩნევს, რადგან მათი ნორმები არის საკმაოდ მკაცრი. პირობების სრულად დაკმაყოფილება კი ნიშნავს, რომ სამშენებლო ბაზარი საერთოდ გაჩერდება. ამიტომ რეგულაცია პირველ ეტაპზე უნდა იყოს შედარებით რბილი და თანდათან გამკაცრდეს, რომ მშენებლებსა და მეწარმეებს მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

"დღეს უვარგისი სამშენებლო მასალები კიბოსავით არის მოდებული. გამოდის, რომ ბაზარზე არსებული პროდუქციის დიდი უმეტესობა უნდა ამოიღონ. როგორც ვიცი, არსებული მასალების 80% უვარგისია და სტანდარტს მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს. არ ხდება არავითარი საბაჟო შემოწმება, საბითუმო და საცალო სეგმენტის არანაირი კონტროლი, მშენებლობებზეც კი არ ამოწმებენ ამ მასალებს. კატასტროფული ვითარებაა!

განსაკუთრებით მოსაპირკეთებელი მასალაა უვარგისი, პრობლემაა არმატურაზეც. რაც შეეხება ცემენტისა და ბეტონის ხარისხს, ვითარება ცოტათი გამოსწორდა. რაც ადგილზე იწარმოება, შედარებით უკეთესი ხარისხისაა და ამ მხრივ საფრთხეც ნაკლებადაა.

როგორ უნდა მიუდგნენ საკითხს, ძალიან მიკვირს, როცა სტანდარტიც კი არ არსებობს. უზარმაზარი სამუშაოა წინასწარ გასაწევი, სამშენებლო ბიზნესს ხომ არ მოკლავენ? ჩვენ მზად ვართ, რეკომენდაცია გავუწიოთ, ამისთვის პროფესიონალთა ჯგუფი გვყავს. ადრეც გვინდოდა ეკოლოგიური შემოწმება დაგვეწყო, მაგრამ მხარდაჭერა არ გვქონდა და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ევროპულ სტანდარტზე პირდაპირ ვერ გადავალთ, ამას თუ შეეცდებიან, სავალალო შედეგს მივიღებთ", - აცხადებს საკანდელიძე და დასძენს, რომ საწყის ეტაპზე სამშენებლო მასალები რადონის შემცველობაზე უნდა შემოწმდეს.

"უხარისხო მასალების შედეგად ქვეყანაში უამრავი ადამიანი ონკოლოგიური დაავადებებით იღუპება. ამიტომ, პირველ რიგში, რადონზე უნდა შემოწმდეს მასალები, რამდენადაც პრობლემას სწორედ ამ ნივთიერების გამოსხივება ამწვავებს. ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება და რადონის დასაშვები ნორმა დადგინდეს.

მოვაჭრეებს არ უნდა ვუთხრათ, როცა სამშენებლო ბიზნესს ვერ ვაკონტროლებთ. ხელისუფლება ხელაღებით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, გამოუცდელები არიან და არ აქვთ წარმოდგენილი, რეალურად რა საფრთხეშია ქვეყანა უხარისხო სამშენებლო მასალების გამო", - დასძინა ანზორ საკანდელიძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერს სამშენებლო სფეროს სპეციალისტი, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე, რომლის შეფასებითაც, სამშენებლო სექტორში ყველა ნიუანსი, სამშენებლო მასალების ხარისხით დაწყებული, შესამოწმებელია.

"სამშენებლო მასალების შემოწმების პროცესის დაყოვნება გაუმართლებელია. ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ამ სფეროში სტანდარტი არსებობდეს. არის შემთხვევები, როცა შემოსული მასალა უვარგისია და ჯანმრთელობისთვის საშიშიც.

ეს საქმე აუცილებლად გასაეკეთებელია, უნდა მოიცალონ და მიხედონ პრობლემას. მე თუ მკითხავთ, უკვე დაგვიანებულიც არის. კარგი იქნება, თუ ბაზრის მონიტორინგს ჩაატარებენ და მშენებლობის ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა", - აღნიშნა "რეზონანსთან"

საუბრისას მაჩაიძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"