მთავრობა აგრძელებს შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშობას, რომლის მიზანია უვიზო მიმოსვლის დარღევევის წესებისა და თავშესაფრის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ევროპელ პარტნიორებთან დამატებით კონსულტაციებს გადიან.
„საქართველო ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირის წვერი ქვეყნებიდან რამდენიმემ უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში. ამ საკითხზე მუშაობა ბუნებრივია, გრძელდება ჩვენს ყველა პარტნიორთან, თუმცა საკითხი არის ინდივიდუალურად პარტნიორი ქვეყნის გადასაწყვეტი და არ თანხმდება ორმხრივი მოლაპარაკებებით. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების ნაწილს არ აქვს ქვეყნების დაყოფის მსგავსი კრიტერიუმები“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს ზომების გამკაცრებას, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. ასევე, იგეგმება ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით, ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, გერმანიასთან მოლაპარაკებებს მართავს.