სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხიც მოხვდა.
ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მიიღო, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული ეჭვია გამოთქმული. კერძოდ, აუდიტის სამსახურის აზრით, „არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოს ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვით აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება. შედეგად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რადგან აუქციონი შემზღუდავი პირობით იყო გამოცხადებული, შედეგად ფარცხალაძის კომპანიისთვის აუქციონში დაწესებული საწყისი ფასის განსაზღვრა საბაზროზე ნაკლები ღირებულებით მოხდა.
„2016 წლის 27 ივლისს შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართების (ს/კ 01.14.15.001.316 და ს/კ 01.14.15.001.314) მომიჯნავედ, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ შპს-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მიღებული აქვს 2016 წელს მერიისაგან ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით. აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებდა მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორია. პრივატიზების შემთხვევაში კომპანია იღებდა ვალდებულებას: აუქციონში გამარჯვებიდან 2 წლის ვადაში აეშენებინა 200 კვ.მ ცალკე მდგომი შენობა- ნაგებობა; ახალ შენობაში გადაეტანა ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკა, სადაც შემდგომში განთავსდებოდა მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორია და აღნიშნულ ფართს კომპანია შენობა- ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებიდან, ერთი თვის ვადაში უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს.
2016 წლის 31 აგვისტოს მუნიციპალიტეტმა შპს-ის მიერ მოთხოვნილ ქონებაზე გამოაცხადა აუქციონი. აუქციონზე გამოტანილ იქნა 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე დამაგრებული 625.6 კვ.მ შენობა-ნაგებობით, საწყისი ღირებულებით 961.0 ათასი ლარი, კომპანიის მიერ მოთხოვნილი პირობების გათვალისწინებით, კერძოდ: აუქციონში გამარჯვებიდან 2 წლის ვადაში აეშენებინა 200 კვ.მ ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობა; ახალ შენობაში გადაეტანა ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკა, სადაც შემდგომში განთავსდებოდა მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორია და აღნიშნულ ფართს კომპანია შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში, უსასყიდლოდ
საკუთრებაში გადასცემდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს. გარდა ამისა, შესასრულებელ ვალდებულებებს, მერიამ დაამატა „მომიჯნავე საკადასტრო
ერთეულთან გაერთიანების“ პირობა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული პირობის დაწესება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ქაოტურად რეგისტრირებულ არეალზე. იმის გათვალისწინებით, რომ საპრივატიზებო ფართზე ფუნქციონირებდა კოსმოფიზიკური ობსერვატორია, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა მტკიცებულებები, თუ რატომ იყო შეუძლებელი პრივატიზებული ფართის დამოუკიდებლად განვითარება და შესაბამისად, რამდენად მიზანშეწონილი იყო შემზღუდავი პირობის დაწესება. გამოცხადებული აუქციონი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში და მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტმა“, რომელმაც შეიძინა აღნიშნული ქონება, ღირებულებით - 975.4 ათასი ლარი.
არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოს ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვით აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება. შედეგად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასი დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე. საექსპერტო დასკვნების ანალიზით გაირკვა, რომ იმ მიწის ფართების შეფასებისას, რომლებზეც დაწესებულია პირობა „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“/„მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება“, ექსპერტი ამცირებს საპრივატიზებო ფართის ღირებულებას, ვინაიდან განსაზღვრულია როგორც შეზღუდული გამოყენების ობიექტი. ზემოთ განხილულ მაგალითებში პრივატიზებული მიწის ფართების საექსპერტო დასკვნების ანალიზით გაირკვა, რომ ს/კ 01.18.01.002.136/01.18.01.002.138 რეგისტრირებულ ფართზე შემზღუდავი პირობის გამო საპრივატიზებო ღირებულება შემცირებულია 40%-ით. დანარჩენ შემთხვევებში აღნიშნულია, რომ ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ის შეზღუდვა, რომელსაც
ითვალისწინებს მიწის მესაკუთრე ქონების გასხვისებისას, ხოლო კონკრეტულად რამდენი პროცენტით დაკორექტირდა ფართის ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის. შესაბამისად, საწყისი ფასი დგინდება საბაზროზე ნაკლები ღირებულებით, უმეტეს შემთხვევაში შეზღუდვით გამოცხადებული აუქციონი ტარდება უკონკურენტო გარემოში, გამარჯვებული პრეტენდენტი საწყის ფასს უმატებს მხოლოდ ბიჯს და საბოლოოდ ფართის პრივატიზება ხდება საბაზროზე ნაკლები ღირებულებით. აღსანიშნავია, რომ მყიდველი პრივატიზებულ ფართს აერთიანებს მისსავე საკუთრებაში არსებულ მომიჯნავე ფართთან. შედეგად, მშენებლობაზე დაწესებული შეზღუდვა უქმდება და რიგ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებს მიღებული აქვთ მშენებლობის ნებართვა“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ამასთან, აუდიტორები ხაზს უსვამენ, რომ მერიის მიზანს უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთების იმგვარად დაყოფა, რომ შესაძლებელი იყოს მათი სამშენებლოდ ეფექტიანი განვითარება და პრივატიზების შედეგად მეტი შემოსავლების მიღება.
„აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და შესაძლებლობა, რომ თავიდან აეცილებინა ისეთი პირობების დაწესება, რომლებიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ზემოთ განხილული მაგალითები, რომელთა მიხედვით, შესაძლებელი იყო პრივატიზებული ფართების დაყოფა და აუქციონზე გატანა შემზღუდავი პირობების გარეშე“, - განმარტებულია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მერიის ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე ჩატარებულ ანგარიშში, რომელიც 2015-16 წლების პერიოდს მოიცავს, იდენტურ კიდევ 9 შემთხვევაზეა საუბარი.