2017 წელს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 0.8 მილიონი ტონით შემცირდა

2017 წელს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.8 მილიონი ტონით შემცირდა.

კერძოდ, 2017 წლის განმავლობაში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 41.5 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მონაცემი 42.3 მილიონი ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით 11.5 მილიონი მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს 389.8 მილიონი მგზავრის გადაყვანა მოხდა. 2016 წლის განმავლობაში კი ეს ციფრი 378.3 მილიონი იყო.

გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 17.6 მილიონი ტონიდან 16.3 მილიონ ტონამდე შემცირდა.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 2017 წლის იანვარ-დეკემბერში 64,982 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს 394,787 კონტეინერი, 2016 წელს კი 329,805 კონტეინერი გადამუშავდა.