ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომ განვაახლოთ თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს.
„ეს პროექტი ეხება ვაგონთმშენებლობას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები და ქალაქის მერია ამასთან დაკავშირებით უფრო სრულფასოვან ინფორმაციას მოგაწვდით. ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება, რომ ასეთი ცნობილი კომპანიის უმაღლესი ევროპული სტანდარტის მოძრავი შემადგენლობა იქნება ჩვენს მეტროპოლიტენში. კომპანიამ გააკეთა განაცხადი თავის პარტნიორებთან ერთად, რომ მას აქვს სურვილი საქართველოში დაიწყოს წარმოება. ბუნებრივია, ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ ასეთი მსხვილი ბრენდი შემოვიდეს ამ სექტორში. რაც შეეხება იმას, თუ სად აშენდება საწარმო, რა ვადებია, ამის შესახებ, როდესაც საბოლოო დოკუმენტს მოწერება ხელი, უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემთ, - განაცხადა ბახტაძემ.
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანას თბილისში ააშენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გუშინ, კომპანია STADLER - ის პრეზიდენტი, პიტერ შპულერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და რეგიონალური შვილობილი კომპანიის მშენებლობის, ასევე, მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.
ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც ”საქართველოს რკინიგზას”, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს.