დღგ რჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც ფიზიკური პირი გასცდება 100 000 ლარს, დაკარგავს მცირე მეწარმის სტატუსს , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით იზრდება თუ არა დღგ-თი (დამატებული ღირებულების გადასახადი) დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100,000 ლარიანი ზღვრიდან ზემოთ.
„ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ინდივიდუალური მეწარმე მოექცეს აღნიშნულ შეღავათიან რეგულაციაში და ეს არის თითქმის 100% ინდივიდუალური მეწარმეებისა. რაც შეეხება დღგ-ს გადასახადს, მისი ზღვარი გახლავთ 100 000 ლარი. ჩვენი რეფორმის მიზანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლონ უფრო მარტივად მოახდინონ ინტეგრირება იმ ბიზნეს ურთიერთობებში, რომელიც ჩამოყალიბებულია, შეძლონ ბიზნესის გაფართოება და შესაბამისად, ჩვენ მივიღოთ გაზრდილი საგადამხდელო ბაზა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივცემთ საშუალებას იმ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც 100 000 ლარს გაცდებიან დღგ ჩაითვალონ სტანდარტულ რეჟიმში, ან თუ იქნება დღგ-ს ზედმეტობა და ეს საკმაოდ ხშირი მოვლენაა 5-დან 7 დღემდე დაიბრუნონ ეს ზედმეტობა ბიუჯეტიდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, დღგ რჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც ფიზიკური პირი გასცდება 100 000 ლარს, დაკარგავს მცირე მეწარმის სტატუსს, „500 000 ლარამდე იმის მიუხედავად იხდის თუ არა ადამიანი დღგ-ს, მასზე გავრცელდება ყველა შეღავათი, რომელსაც ჩვენ მივუსადაგებთ მცირე მეწარმის სტატუსს“.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ის პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებული იყო წინა ხელისუფლების მიერ, „ამან გააჩნია ძალიან ნეგატიური სტერეოტიპი მეწარმეებში დღგ-ს გადასახადის ბუნების მიმართ“.
„დღგ-ს გადასახადი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ მცირე მეწარმე გაიზარდოს და უკეთესად მოხდეს მისი ინტეგრირება ეკონომიკურ ჭაჭვში. დღგ-ს ზედმეტობა, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტშია, ობიექტურად ეკუთვნის მას და სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდებოდა. ძალიან დაბალი იყო კომპანიების რაოდენობა, რომელიც დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებაზე განაცხადს აკეთებდა, მათთან ან საგადასახდო შედიოდა, ან მაშინდელი ფინანსური პოლიცია და ბევრი მეწარმე ამას აღიქვამდა როგორც ხარჯს. ეს არის ძალიან არასწორი, არაჯანსაღი. შესაბამისად, ჩვენი დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში დღგ-ს ზედმეტობა დავუბრუნოთ ქართულ ბიზნესს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საბრუნავი კაპიტალის შევსება. დამერწმუნეთ, ასეთი მოდელის შემთხვევაში, ასეთი ტიპის ახალი ურთიერთობა სახელმწიფოსა და მეწარმებს შორის ხელს შეუწყობს, რომ მეწარმემ მოკლე ვადაში გააფართოვოს თავისი ბიზნესსაქმიანობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.