ზამთრის კურორტებზე Domino’s Pizza-ს მოძრავი პიცერიის პროექტი მომავალ სეზონამდე გადაიდო

Domino’s Pizza ზამთრის კურორტებზე მოძრავი პიცერიის სერვისს მიმდინარე სეზონზე აღარ წარმოადგენს. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის საოპერაციო დირექტორმა სერგი მარღანიამ განუცხადა, აღნიშნული პროექტი, სავარაუდოდ, მომავალ სეზონამდე გადაიწევს.

როგორც ცნობილი იყო, Domino’s Pizza ბაკურიანსა და გუდაურში მოძრავი პიცერიის სერვისის დაწყებას აპირებდა. სერგი მარღანიას თქმით, სამომავლოდ მოძრავი პიცერიის სერვისს ზაფხულის კურორტებზეც გამოიყენებენ.

„ამ სეზონზე მოძრავი პიცერიის სერვისი არ გვექნება. ეს მოძრავი ობიექტი სპეციფიური დანადგარია. იგივეა, როგორც სამზარეულო ააწყო თავიდან ბოლომდე, ოღონდ ბორბლებზე. შეკვეთის გაკეთების დროს, დანადგარის აწყობის ვადები ისეთი გვითხრეს, რომ ამ ვადებში ვერ ჩავეტიეთ. სავარაუდოდ, ეს საკითხი შემდეგ სეზონამდე გადაიწევს.

ზოგადად მოძრავი რესტორნის სერვისი საინტერესო მიმართულებაა. ზამთარში მას ბაკურიანსა და გუდაურში გამოვიყენებთ. რაც შეეხება საზაფხულო სეზონს, მოძრავი პიცერიის სერვისის გამოყენებას ზღვისპირეთში ვგეგმავთ“, - აღნიშნავს მარღანია.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს Domino’s Pizza-ს გეგმებში ბათუმში პირველი ფილიალის გახსნაც შედის, მანამდე კი ქსელის დედაქალაქში გაფართოება უფრო პრიორიტეტულია.

ამჟამად კომპანიას ფილიალები თბილისის ცენტრალურ უბნებში აქვს წარმოდგენილი. წლის ბოლომდე კი გარეუბნებში ახალი ობიექტების გახსნას და გაფართოებას გეგმავს.

„ცენტრალური უბნები ასე თუ ისე ათვისებული გვაქვს. ახლა კი ჩვენი გეგმები გარეუბნების მიმართულებით არის. ერთი ფილიალი გლდანში გაიხსნება, მეორე კი ვაზისუბნის ან აეროპორტის გზატკეცილის მიმართლებით“, - აღნიშნავს მარღანია.

კითხვაზე, Domino’s Pizza სავაჭრო ცენტრში „ისთ ფოინთი“ ხომ არ იქნება წარმოდგენილი, კომპანიის საოპერაციო დირექტორი გვპასუხობს, რომ აღნიშნული ვარიანტი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ბრენდი Domino’s Pizza-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960 წელს დაარსდა, საქართველოში კი დაახლოებით ოთხი წლის წინ შემოვიდა. კომპანიას განვითარების 8-წლიანი გეგმა აქვს. 

თეონა კენჭიაშვილი