„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“-მ დაიწყო კვლევა, რომლის მიზანი ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფინანსურ-ეკონომიკური ნაწილის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.
მაღალი საჯარო ინტერესის და ასევე ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დოკუმენტში, რომელიც საბოლოო ვერსიის სახით ჩაბარდება დედაქალაქის მერიას, ნათლად იყოს გათვალისწინებული ის ფინანსურ-ეკონომიკური საკითხები, რაც დაკავშირებულია ერთი მხრივ იმ ფინანსურ ხარჯებთან, რაც გარკვეული ზონების დემონტაჟს ითვალისწინებს, ხოლო მეორე მხრივ მესაკუთრეთა უფლებების დაცვასთან.
„აფბა“-ს მიერ პირველადი მოკვლევის საფუძველზე, მერიაში წარდგენილ დოკუმენტში არ არის განხილური ქალაქის ეკონომიკური ცენტრების განვითარების საკითხები, სხვადასხვა ფუნქციის და შინაარსის საწარმოების მოწყობის და ფუნქციონირების პრინციპები. სატრანსპორტო კვანძების განვითარების, რეკრეაციული ცენტრების მოწყობის და სხვა საკითხები განხილულია არაკომპლექსურად. არ არის SWOT ანალიზი. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების დიდი ნაწილი იქნება წინააღმდეგობრივი, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ მათი პრაქტიკაში დამკვიდრება შეუძლებელი გახდება.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეკომენდირებული პროექტების ანალიზისას ჩანს, რომ ის აცდენილია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან, რამაც სამომავლოდ შესაძლოა ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა შეანელოს. გარდა ამისა, მგგ-თი წარმოდგენილი რეკომენდაციები, გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირ უზღუდავს საქმიანობის საშუალებას მცირე და საშუალო ბიზნესს. ბუნებრივია, ეს პროცესი გამოიწვევს ამ სეგმენტის გაძევებას ეკონომიკური აქტივობებიდან და არსებული მოთხოვნა შედარებით მსხვილ ბიზნესზე გადანაწილდება.
წარმოდგენილი რეკომენდაციების დამტკიცება ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეანელებს ეკონომიკურ აქტივობას, ვინაიდან სამუშაოს და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების მხრიდან საბაზრო მოთხოვნა მინიმუმამდე შემცირდება.
შესაბამისად, „აფბა“ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არასრულია და არ ითვალისწინებს მოსალოდნელ უარყოფით ეფექტებს, რისთვისაც საჭიროა დამატებითი კვლევების განხორციელება, იმისათვის, რომ ნათლად გამოიკვეთოს ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები,“-ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.