"თბილისის მერობის ჩემს პერიოდთან დაკავშირებით თუ ვინმეს რაიმე კითხვები ექნება, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ამ კითხვებზე ვუპასუხო", - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიტის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
კითხვაზე, გრძნობს თუ არა მის წილ პასუხისგებლობას დარღვევებზე, დავით ნარმანიას განცხადებით, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმსჯელონ.
რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას, დავით ნარმანიას თქმით, ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე მან საკმარისზე მეტი კომენტარი გააკეთა თავის დროზე, "ასე რომ, შეგიძლიათ ამოიღოთ ძველი კადრები და გაავრცელოთ".
რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, რომელიც გამწვანებას ეხებოდა, დავით ნარმანიას განცხადებით, ორმოები მას ნამდვილად არ დაუთვლია, თუმცა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა ნამდვილად იყო, რომ ეს ყველაფერი შეეფასებინა და დაედო დასკვნა.
"კარგად მახსოვს, რომ ჩვენ იმ წელს დაგვეხმარა სახელმწიფო შპს, რათა უფრო იაფად და მარტივად გაგვეკეთებინა ეს საკითხები, ასე რომ ეს 3 თუ 4 წლის წინანდელი საკითხია და დეტალები ნამდვილად არ მახსოვს, ამაზე უმჯობესია, რომ გამწვანების სამსახურს ჰკითხოთ", - განაცხადა ნარმანიამ.
კითხვაზე, ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ გაათავისუფლა თუ არა ვინმე სამსახურდან, დავით ნარმანიას თქმით, ნაწილი თანამშრომლებისა მერიაში აღარ მუშაობს, ზოგი რეორგანიზაციის პროცესში წავიდა, ზოგი - გათავისუფლდა.
"ჩვენი შეფასებით, ეს არ იყო მაინცდამაინც ისეთი მძიმე, რომ თანამშრომლები გაგვეთავისულებინა სამსახურიდან, თუმცა, ამის შემდეგ მექანიზმი უფრო გაიმართა და უფრო დახვეწილი გახდა", - განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, დავით ნარმანია აუდიტის სამსახურს ურჩევს, რომ მერიაში ის წინა პერიოდები შეამოწმოს, რომლებიც შეუმოწმებელია.
"ჩემს პერიოდთან დაკავშირებით თუ ვინმეს რაიმე კითხვები ექნება, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ ამ კითხვებზე ვუპასუხო", - განაცხადა ნარმანიამ.