"პენსიის 10, 20 ან 60 ლარით გაზრდა პრობლემას ვერ გადაჭრის"

"ჩვენ გვჭირდება სწრაფი და ფუნდამენტური რეფორმები და ერთ-ერთი ასეთია საპენსიო რეფორმა", - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის გამართული დიალოგის დროს განაცხადა, რომლის მთავარი თემაც „საქართველოს კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ: უპირატესობები და გამოწვევები“ იყო.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 45%) სოციალური ხარჯებია და მიუხედავად ამისა, პენსიონერები ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენაა. მისივე განცხადებით, დღეს არსებული პენსიის ოდენობა (180 ლარი) საკმარისი არ არის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. კოვზანაძის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემას ვერ გადაჭრის პენსიის 10, 20 თუნდაც 60 ლარით გაზრდა. ამიტომაც, აუცილებელი და საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები ამ მიმართულებით.

“იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და გახდეს კონკურენტული, ჩვენ გვჭირდება სწრაფი და ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთი მიმართულება საპენსიო რეფორმაა, კერძოდ მე ვგულისხმობ დაგროვებითი პენსიის მოდელის შემოღებას, ეს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც თავის თავში გულისხმობს დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს, ანუ სამი მხარის ჩართულობას, თანამონაწილეობას და სოლიდარულ პასუხისმგებლობას”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.