2018 წლის იანვარში ინფლაციამ 4,3% შეადგინა. ფასები ძირითადად ხილზე გაიზარდა, აქ ინფლაციის დონე 9,8% იყო.
ხილის გაძვირებას მოვაჭრეები და იმპორტიორები რამდენიმე მიზეზით ხსნიან, მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გრაფიკს და ვადებს ასახელებენ. კანონის შესაბამისად, იმპორტიორი ვალდებულია, რომ გადასახადის გადახდა საქონლის გაშვებამდე მოახდინოს.
თბილისის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარში ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრე ნანა გვასალია ამბობს, რომ წელს პროდუქტს ძვირად ყიდულობს, შესაბამისად, მინიმალურ მოგებაზე მუშაობს: „ხილის გაძვირებას ზოგი - ფაროსანას, ზოგი - ცუდ მოსავალს აბრალებს. მაგრამ ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ ჩემი პატარა ბიზნესი გასულ წელს უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე წელს არის“.
„წელს საქართველოში ხილის ცუდი მოსავალი იყო და ჩვენს ბაზარზე ძირითადად, იმპორტირებული პროდუქცია იყიდება. იმპორტი კი ძვირია, რადგან მთლიანად არის დამოკიდებული ვალუტის კურსზე. ადგილობრივ წარმოებას და ექსპორტს საქართველოში ხელს არ უწყობენ და შედეგიც შესაბამისი გვაქვს“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შპს „ფრუიტილიას“ დამფუძნებელმა ვახო ბეჟიტაშვილმა.
შპს „ASA“-ს დირექტორი შოთა გელაძე კი აცხადებს, რომ ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს უამრავი უსამართლობისა და დაბრკოლების გადალახვა უწევთ.
„ხილი გაძვირდა იმიტომ, რომ გლეხებსაც და ექსპორტიორებსაც აბსურდულ საბუთებს სთხოვენ და ბიუროკრატიული წნეხის ქვეშ ატარებენ. საბუთების გაცემაზეც გვაწვალებენ და დროულად არ გვაძლევენ.
რაც შეეხება იმპორტს, ტვირთის განბაჟებას სულ მცირე, 2-3 ათასი ლარი სჭირდება. კანონით დადგენილ 5 დღესაც არ გვაცლიან, რომ რეალიზაცია მოვასწროთ და გადასახადი მერე გადავიხადოთ. იმპორტიორს იმდენი ფული უნდა ჰქონდეს, რომ პროდუქციაც შეისყიდოს, აქამდე ჩამოიტანოს, მერე განბაჟებაც გააკეთოს და გადასახადიც მაშინვე გადაიხადოს... არადა, კანონში წერია, რომ 5-დღიანი ვადა გვაქვს. ჩვენ კი, რატომღაც, საზღვარზევე გვაიძულებენ დღგ-ის გადასახადი გადავიხადოთ, თუ არ გადაიხდი, განბაჟებას გაგიჭიანურებენ და პროდუქცია გაგიფუჭდება. სააკაშვილის მთავრობის მოტრფიალე მე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მაშინ ასეთი რამ არ ხდებოდა. ახლა კი რა ხდება? - საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები ბიზნესმენებს მილიონიან ჯარიმებს უწერენ. ირანელებს, თურქებს, აზერბაიჯანელებს არავინ ეკარება, ჩვენ კი, არ გვინდობენ. ყველაფერს ლარის კურსს და ფაროსანას აბრალებენ, მაგრამ მარტო ლარის კურსი აქ არაფერ შუაში არ არის“- აცხადებს შოთა გელაძე.
მართალია, კანონის მიხედვით, დღგ-ს გადასახადს იმპორტიორი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღეში იხდის, თუმცა განსხვავებული წესი მოქმედებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემთხვევაში. აქ იმპორტის გადასახადის გადახდა წარმოებს საქონლის გაშვებამდე. ამ წესს არეგულირებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებულება.
ხათუნა ჩიგოგიძე